„იგლ ჰილსი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ისტორიული პროექტი და ისტორიული მოცულობის ინვესტიცია, რომელიც ოდესმე საქართველოში განხორციელებულა. პროექტი ძალიან დიდი ღირებულების მომტანია მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე გარკვეული სექტორების განვითარების მიმართულებით – მათ შორის დეველოპერული, ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისთვის“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „იგლ ჰილს საქართველო“-ს პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, „იგლ ჰილსის“ პროექტი ქვეყანას იმ სიკეთეებს მოუტანს, რისთვისაც ხელისუფლება ბევრს მუშაობს – მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხაზგასმით აცხადებს, რომ პროექტს სახელმწიფოსთვის არანაირი რისკი არ ახლავს.
„ქვეყანაში შემოდის უმსხვილესი, უდიდესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსი“, რომელსაც მსოფლიოში უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული, მათ შორის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ევროპის ქვეყნებში – ლატვიაში, სერბეთში და სხვა ძალიან ბევრ ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი დეველოპერული სექტორის მიმართულებით მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანია, თავად არის ისეთი პროექტების ავტორი, როგორიც, მაგალითად, დუბაიში „ბურჯ ხალიფა“ – მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა და ა.შ. „იგლ ჰილსი“ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახორციელებს ყველაზე დიდი, $6,5 მლრდ მოცულობის ინვესტიციას. აღნიშნული ინვესტიციით გონიოსა და დედაქალაქში იქმნება ორი უმნიშვნელოვანესი ახალი პროექტი, რომლებიც, ფაქტობრივად, სრულიად ახალ დანიშნულების ადგილს შექმნის ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, რეალურად საუბარი შეეხება პროექტს, რომელიც არა უბრალოდ დეველოპერული პროექტია, არამედ გონიოსა და დედაქალაქში მულტიფუნქციურ ახალი პროექტები შეიქმნება – ერთი მხრივ აშენდება საცხოვრებელი სივრცეები, ამასთან, ტერიტორიის ნახევარზე მეტი სარეკრეაციო სივრცეებს დაეთმობა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი სასტუმრო და განთავსების ობიექტები, შედეგად დაახლოებით 1,400-ზე მეტი საწოლი ადგილი დაემატება ქვეყანას. რაც შეეხება საცხოვრებელ სივრცეებს, გონიოსა და თბილისს დაახლოებით 16,000-მდე საცხოვრებელი ფართი შეემატება, ამავდროულად ორივე ტერიტორიაზე მოეწყობა სარეკრეაციო ზონები, ასევე დიდი ადგილი დაეთმობა სავაჭრო, გასართობ სივრცეებს და ა.შ.
„განსაკუთრებით გამოვყოფდი ისეთ ახალ პროდუქტებს,როგორიცაა, მაგალითად, გონიოში იახტ-კლუბის დამატება. ზოგადად როცა ჩვენ გონიოს პროექტსა და პროდუქტზე ვსაუბრობთ, ცალსახად უნდა ვთქვათ – ერთი მხრივ რამხელა ღირებულებას მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მეორე მხრივ კი, როდესაც აჭარის ტურისტული პროდუქტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, რისთვისაც სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით – ეს ახალი დანიშნულების ადგილი უზრუნველყოფს იმას, რომ აჭარა გახდეს 4-სეზონიანი ტურისტული მიმართულება, მათ შორის არაერთი ატრაქციით, რომლებიც მიმზიდველი იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.