თეა წულუკიანი დმანისის თეატრში რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი სიხარულიძესა და ცნობილ ქართველ მეცნიერ, დმანისის თეატრის ერთ-ერთ დამფუძნებელ ჯუმბერ კოპალიანთან ერთად გაეცნო თეატრში მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილის სამინისტროსთვის გადმოცემის შემდეგ, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2023 წლიდან, აქტიურად მიმდინარეობს თეატრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2022-2023 წლებში მომზადდა პროექტი, რისთვისაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 188 000 ლარი გამოყო. პროექტის განსახორციელებლად კულტურის სამინისტრომ 4 900 000 ლარი გამოყო, რომლის ფარგლებშიც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება დარბაზს, თეატრის სარგებლობაში არსებულ სივრცეებსა და მსახიობების საცხოვრებელ სახლს. ასევე, თეატრის ეზოში ცალკე შენდება 125 კვ. მეტრის ფართობის მსახიობთა სარეპეტიციო და ადმინისტრაციული შენობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ – თეატრი იქნება საერთაშორისო დონის და აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების განათებითა და გახმოვანების აპარატურით, მოეწყობა 200-ამდე მაყურებელზე გათვლილი დარბაზი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
1990 წელს დმანისში თეატრ-სტუდიის „ქვემო ქართლი“ დაარსება სხვა თანამოაზრეებთან ერთად ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელს უკავშირდება. სწორედ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელს ატარებს დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელმაც 2022 წლიდან, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ახალი ცხოვრება დაიწყო. კერძოდ: 408 462 ლარამდე გაიზარდა თეატრის წლიური ბიუჯეტი, რომელიც მანამდე 26 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა; სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა: 2023 წელს გაიზარდა 545 000 ლარამდე, 2024 წელს კი – 575 000 ლარამდე. თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი სიხარულიძის, ხელმძღვანელობის პირობებში ახალგაზრდა მსახიობებისგან ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი დასი; თეატრს გამოეყო დაფინანსება სადადგმო ხარჯისათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი რეგიონში უფრო გაძლიერდება კულტურული და შემოქმედებითი პროცესები“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.