“სოხუმსა და ცხინვალში შიშობენ, რომ მოსკოვის და თბილისის დაახლოებამ შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ტერიტორიების დათმობა გამოიწვიოს” – ვიაჩესლავ გობოზოვი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველი, ვიაჩესლავ გობოზოვი ამბობს, რომ “ცხინვალსა და სოხუმში” შიშობენ, რომ რუსეთ-საქართველოს დაახლოებამ ჰიპოთეტურად შესაძლოა, რუსეთის მხრიდან “ამ ტერიტორიების დათმობა” გამოიწვიოს.
ამის შესახებ გაზეთ “იუჟნაია ოსეტია”-სთან ინტერვიუში თქვა.
გობოზოვი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების “დათბობა” პერიოდულად ხდებოდა და დღესაც ეს უკვე “უდავო პოლიტიკური ფაქტია, რაც შესაძლებელი გახდა თბილისის ნეიტრალიტეტით სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი დაახლოება აღარ არის მყიფე დეკლარაციები, არამედ დინამიკურად განვითარებადი პოლიტიკური პროცესია”.
მისი თქმით, ამ დაახლოების მიმართ “ცხინვალსა და სოხუმს რთული დამოკიდებულება აქვთ”.
“ერთი მხრივ, ცხინვალი და სოხუმი არ არიან რუსეთ-საქართველოს დაახლოების წინააღმდეგი, თუ ეს ხელს შეუწყობს მოსკოვსა და თბილისს შორის ეკონომიკური, კულტურული და სხვა ურთიერთობების დამყარებას, მაგრამ არ აისახება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ინტერესებზე. უკეთესი იქნებოდა, თუ ეს დაახლოება ხელს შეუწყობს უფრო მეტ რეალიზმს საქართველოს პოზიციებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით.
მეორე მხრივ, ცხინვალსა და სოხუმს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ – იეჭვონ, რომ რუსეთ-საქართველოს დაახლოება შესაძლოა, ზიანის მომტანი იყოს და არა სარგებლის ეროვნული ინტერესებისთვის. ანუ, ჰიპოთეტურად შესაძლოა, მივიდეთ ვითარებამდე, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის „დათმობას“.
გარდა ამისა, ამ რესპუბლიკებმა კარგად იციან, რომ ეს „დათბობა“ განპირობებულია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფაქტორით. შესაბამისად, ის დიდწილად კონიუნქტურული ხასიათისაა, რაც სერიოზულად ართულებს ამ პოლიტიკური პროცესის განვითარებისა და მისი შესაძლო, შედეგების ანალიზს, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკები უფრო მზარდია და ცხინვალსა და სოხუმში ეჭვები მძაფრდება.
და კიდევ, პროქართული ძალები, რომლებიც 1980-1990 წლებში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენდნენ, არსად წასულან. უბრალოდ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი მიიჩნევდნენ, რომ უმჯობესია, აზრი არ გამოთქვათ. მაგრამ ახლა რუსეთ-საქართველოს ახალი დაახლოებით მათ შესაძლოა, გადაწყვიტონ, რომ მათი ქმედებების გასააქტიურებლად დროა მომწიფებული”, – ამბობს გობოზოვი.