იაგო ხვიჩია: ყოველთვის გაკვირვებული ვიყავი, რა ხალხზე დადეს ფსონი ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, შეიძლება, მოსყიდულები იყვნენ, შეიძლება – არა, მაგრამ ვერ გაამართლა ამ ხალხმა იმედები

მე ყოველთვის ვიყავი გაკვირვებული, რა ხალხზე დადეს ფსონი ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, უბრალოდ, რატომ დადო და რა კრიტერიუმებით შეარჩია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ხვიჩიამ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის და 2001-2005 წლებში სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ლოურენს უილკერსონის განცხადებას: „ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, ტელევიზიებს, ზოგადად, ვყიდულობდით კომუნიკატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ ეს არ იცოდნენ. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებული ვიყავით“.

„თვითონ თუ არ იცოდა, რომ მოსყიდულია და ასე მუშაობდა, რა აზრი აქვს შეკითხვებს, მაინც ვერაფერს გეტყვის. მე ზოგადად, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილი მგონია, მაგრამ, რაც არ უნდა პროპაგანდა იყოს, ის ნაწილი, რომ მართლა ძალიან ეგზოტიკურ ხალხზე დადეს ფსონი ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოში, ეს მე მგონი, ისედაც ცხადი იყო. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ დისკუსიები, თავისუფალი მედია და ასე შემდეგ, რაც ამ ფორმატში, როგორც ამერიკული და დასავლური ღირებულება შემოვიდა, სწორედ იმიტომ გჭირდებოდა, რომ ეს ამბები გაგვერჩია საჯაროდ, მართლა, რა ღირებულებაა დასავლეთისთვის ნამდვილი ღირებულება, ჩვენ რა გვინდა, საით მივდივართ და ის ხალხი, რომელზეც დასავლეთმა ფსონი დადო საქართველოში, იმათ სადღაც ხომ უნდა ელაპარაკათ, რაღაც ხომ უნდა გაევრცელებინათ და ვფიქრობ, შეიძლება, მოსყიდულები იყვნენ, შეიძლება – არა, მაგრამ ვერ გაამართლა ამ ხალხმა იმედები“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, მთელი პრობლემები 90-იანი წლებიდან იწყება, მაშინ ყალიბდება ჩვენი ე.წ. ენჯეოსექტორი და მის მერე უცვლელად მოდის.

„შესაბამისად, მე მგონი, მაშინ ხომ ვიღაცებმა ვიღაცებზე ფსონი დადეს და ეს ფსონი ძალიან უცნაურად დადებული ფსონი აღმოჩნდა. თანამედროვე რეალობაში შეუძლებელი იყო, ამ ხალხს რამე ექნა. ეს ხალხი შეიძლება, უბრალოდ, ინარჩუნებდა თავის ადგილს, რომ მე აქ წარმოვადგენდე ამერიკას, ევროპას საქართველოში, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე არსად არ მინახავს დისკუსიები ქართულ საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა, აშშ. ერთპიროვნული მმართველობა, რომელიც საქართველოში სულ მოდაში იყო, პირობითად, ეს არის დასავლეთი? საკუთრების დაცვა, როგორც დასავლეთშია, ჩვენ ისეთი გვქონდა? სასამართლო ისეთი გვქონდა? ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას ისყიდიდნენ, ან არ ისყიდიდნენ, მაგრამ ძალიან მაკვირვებს, რატომ ისყიდიდნენ ასეთ უცნაურ ხალხს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები