ლევან დავითაშვილმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მის ფარგლებში გაწეული სამუშაოსთვის. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პროგრამა USAID-ის ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით წამყვან როლს ასრულებდა.

„მრავალი წელია, სხვადასხვა პროგრამის და პროექტის ფარგლებში USAID და აშშ საქართველოს ეხმარება და ეს არის ძალიან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სამინისტროს ინტენსიური ჩართულობით და მჭიდრო პარტნიორობით მიმდინარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მიზნების მხარდაჭერისა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. მისი დახმარებით ქვეყანაში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, მოხდა ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა მსოფლიო მასშტაბით”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში 25 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტით 2019 წლიდან მოქმედებდა და მისი მიზანი მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით საქართველოს ეკონომიკური სექტორის გრძელვადიანი ზრდის მხარდაჭერა იყო. პროგრამამ მოიცვა ეკონომიკის არაერთი დარგი და ინდუსტრია, მათ შორის: მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ა.შ.
„ამ პერიოდის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა ისეთ წარმატებულ აქტივობებს, როგორიცაა, რეგიონებში „აწარმოე საქართველოში” საკონსულტაციო ცენტრების გახსნის კონცეფციის შემუშავება, ქვეყანაში საინვესტიციო ლოკაციების სკაუტების მოწვევა, საინვესტიციო შეთავაზებებისა და კვლევების მომზადება, მასშტაბური ღონისძიებები ტურიზმის მიმართულებით “ინფლუენსერების” და ბლოგერების მასპინძლობის კუთხით, ასევე, ქართული სტარტაპებისთვის სილიქონ ველის აქსელერატორებზე წვდომის უზრუნველყოფის კუთხით”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციებმა და ბენეფიციარებმა. სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს ეკონომიკის განვითრების მხარდაჭერას განაგრძობს და წლის განმავლობაში რამდენიმე ახალ პროგრამას დაიწყებს, მათ შორის: მწვანე ეკონომიკის პროგრამა (Green Economy), მწვანე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამა (Green Transport and Logistics) და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის პროგრამა (Agriculture Trade).
„ეს პროგრამები და მათ ფარგლებში დასახული პრიორიტეტები თანხვედრაშია სამინისტროს სტრატეგიულ მიზნებთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო პროგრამების ფარგლებშიც ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთქმედება ნაყოფიერი იქნება”, – აღნიშნა პირველმა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები