გენადი არველაძე: გაერთიანებული საამიროების დელეგაციის მხრიდან ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე, შევთანხმდით კონკრეტული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი დონის დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან შეხვედრის შემდეგ.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო – მის შემადგენლობაში ბიზნეს-სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საინვესტიციო პროექტზე, ასევე როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ინიციატივების შესახებ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომელიც საინვესტიციო პროექტების სწრაფად განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

„შევთანხმდით კონკრეტული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. აღნიშნულ ფორმატში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტს განვიხილავთ. ეს იქნება პრაქტიკული ინსტრუმენტი ოპერატიული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები