“ბარბექიუ” ჰაიტის პრემიერს ულტიმატუმს უყენებს

ჰაიტიზე კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც პოლიციის აკადემიას და ქვეყნის მთავარ საერთაშორისო აეროპორტს დაესხნენ თავს, ქვეყნის პრემიერს, არიელ ანრის ულტიმატუმს უყენებენ – თუ თანამდებობიდან არ გადადგება, ქვეყანაში ომი დაიწყება.

ამის პარალელურად, არიელ ანრის თვითმფრინავი, რომელიც ნაირობიდან ბრუნდებოდა, იძულებული გახდა, მეზობელ პუერტო-რიკოში დაშვებულიყო.

როგორც ჟურნალისტებს ცხრა კრიმინალური დაჯგუფების ლიდერმა, ყოფილმა პოლიციელმა – ჯიმი შერიზიემ, მეტსახელად “ბარბექიუმ” უთხრა, „თუ არიელ ანრი არ გადადგება, თუ საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს მის მხარდაჭერას, ჩვენ დავიწყებთ პირდაპირ სამოქალაქო ომს, რომელიც გენოციდს გამოიწვევს“.

ჰაიტის ხელისუფლებამ უქმეებზე 72-საათიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დედაქალაქის ციხიდან 4 ათასზე მეტი პატიმარი გაიქცა.

ამ დროს ქვეყნის პრემიერი ქვეყანაში არ იმყოფებოდა. ის გაიანაში რეგიონალურ ფორუმზე ჩაფრინდა, ამის შემდეგ კენიაში ჰაიტიზე საერთაშორისო საპოლიციო-სამხედრო კონტინგენტის გაგზავნასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ჩავიდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, მაგრამ 5 მარტს პუერტო -რიკოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ანრის თვითმფრინავი კუნძულზე დაეშვა.

მანამდე, მედიის ცნობით, პრემიერმინისტრს დაშვებაზე უარი დომინიკის რესპუბლიკამ უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები