ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა
კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს „თბილისის კომუნიკე,“ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ვეტერინარიის დარგში არსებული გლობალური და რეგიონული გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებზე, ტრანსსასაზღვრო დაავადებების პრევენციაზე, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვაზე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა სახელმწიფო ვეტერინარმა და WOAH-ის დელეგატმა ლაშა ავალიანმა მონაწილეებს ვეტერინარიის განვითარების მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური ხედვა გააცნო.
„ამ ღონისძიების მიზანია როგორც დარგის პოპულარიზაცია, ისე იმ ვეტერინარების აღიარება, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამებსა და კერძო სექტორში. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისი მაღალი წარმომადგენლობით. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის საქართველოში ვიზიტი და რეგიონის ქვეყნების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა ღონისძიებას უფრო შინაარსიანსა და შედეგიანს ხდის“, – განაცხადა ლაშა ავალიანმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა ყურადღება გაამახვილა მიღწეულ პროგრესზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.
„აღსანიშნავია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაში“, – აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს „თბილისის კომუნიკე“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ინიციატივას, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ფარგლებში ვეტერინარიის მსოფლიო დღის ოფიციალურად აღიარებასა და მისი აღნიშვნის კონკრეტული თარიღის დაწესებას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალური მდივანი ემანუელ სუბეირანი, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და WOAH-ის დელეგატები.