ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გაწუხებთ ის ფაქტი, ახალი პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა, ეს მტკივნეულია, ვინაიდან ვიცით, რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.
მისი თქმით, „ისეთი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია აუცილებელია რომ ყოველდღიური იყოს. შესაბამისად, გარდა პოლიტიკაში შემობრუნებისა, ეს იქნება მამუკა მდინარაძის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში კოორდინაცია იყოს ჩვენ ძალოვან უწყებებს შორის“.
მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და იმ მნიშვნელოვან წინსვლაზე ისაუბრა, რასაც უწყებამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია.
„რაც შეეხება თქვენს რიტორიკას მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური. ვიხილეთ, თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის მიმართულებით, ტერორიზმის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნებში გაჰქონდათ საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა, სადაც შეიარაღება იყო გადამალული თბილისთან ახლოს. ასეთი ტემპით და ასეთი ხარისხით არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა. თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, გაწუხებთ ის ფაქტი, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთის მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გადააზღვევს მათ გადაწყვეტილებებსაც და მეორეს მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა. ეს რა თქმა უნდა, მტკივნეულია, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს მამუკა მდინარაძეს.
რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის ამ სიმაღლეზე აყვანას- დამეთანხმებით, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილია ამაში. და თქვენ, პოპულისტურ ნაბიჯებს რომ დგამთ და პენსია უნდა გაიზარდოსო, ძალიან დიდი სიამოვნებით გავზრდიდით პენსიას, მაგრამ დღეს მაგის საშუალება არ გვაქვს და კითხვას რომ გისვამენ, რის ხარჯზე გაზრდიდით პენსიას, რას მოაკლებდით დაფინანსებასო?- თქვენი პასუხია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსო. ეს არის უპასუხისმგებლო პასუხი და ეს არის პოპულიზმი“-განაცხადა მაჭავარიანმა.