თბილისის საკრებულოში მინი – ფეხბურთის მსოფლიო და ევროპის ფედერაციების დელეგაციას უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოში საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიო მინი ფეხბურთის ფედერაციის (WMF) პრეზიდენტს, ფილიპ ჯუდას და ევროპის მინი ფეხბურთის ფედერაციის (EMF) პრეზიდენტს, პიტერ კრალიკს უმასპინძლეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დელეგაციის წევრებთან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ჯაფარიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა და უმრავლესობის წევრმა, მამუკა ხაბარელმა გამართეს. შეხვედრას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა კაკულია და საქართველოს ეროვნული მინი-ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ აბულაძეც ესწრებოდნენ. საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტი 2026 წელს საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ ქვეყნის მინი-ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ აღიარებას უკავშირდება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ჯაფარიძემ დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სპორტის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში გმასპინძლობთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაზიარება. ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს მიმართ გამოხატეთ ძალიან წაადგება ქართულ სპორტს და ახალგაზრდებს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება“- განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა კი ქართული სპორტის სასკოლო დონეზე განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს დიდი საფეხბურთო ტრადიცია აქვს და სპორტსმენებს უკვე მინი ფეხბურთში თავის გამოჩენის საშუალებაც ეძლევათ.

„მადლობა თქვენ სპორტის ამ დიდ ოჯახში მიღებისთვის. ჩვენს ქვეყანას ფეხბურთის თამაშის დიდი ტრადიცია აქვს და ახლა უკვე მოგვეცა საშუალება მინი ფეხბურთშიც გამოვიჩინოთ თავი. ჩვენ ვიცით, რომ თქვენთან მინი ფეხბურთი სასკოლო დონეზე კარგად არის განვითარებული. ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო დონეზე სპორტის განვითარება. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვიქნებით, თუ თქვენს გამოცდილებას გაგვიზიარებთ“- განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.

თავის მხრივ, უცხოელმა სტუმრებმა თბილისის საკრებულოს წევრებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტის განვითარებაში მუნიციპალიტეტი აქტიურად მონაწილეობს. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ნაკლებ დროს ატარებდნენ კომპიუტერთან და მეტად იყვნენ დაკავებულები სპორტით. როგორც უცხოური დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, საქართველოში მინი ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის უკვე კონკრეტული პროგრამების განხორციელებაა საჭირო.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან გამართა. მხარეებმა ქვეყანაში მინი-ფეხბურთის განვითარების ტემპებსა და საქართველოში მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მინი-ფეხბურთის ასოციაციამ დაფუძნებიდან მოკლე პერიოდში შეძლო მნიშვნელოვანი სპორტული შედეგების ჩვენება და წარმატებით იასპარეზა მსოფლიოს სამ და ევროპის ორ ჩემპიონატზე.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები