გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე ევროკავშირის მეტეოროლოგიური ქსელის „EUMETNET” წევრი ქვეყნების შეხვედრას დაესწრო
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, მეტეოროლოგიის დეპარტამენტის ადრეული გაფრთხილების განყოფილების უფროსთან ერთად, გერმანიაში, ქალაქ ოფენბახში, ევროკავშირის მეტეოროლოგიური ქსელის „EUMETNET” წევრი ქვეყნების სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ახლად გაწევრიანებული ქვეყნებისთვის შესაბამისი პროცედურების განსაზღვრა და იმ მექანიზმების ჩამოყალიბება იყო, რომლებიც უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური გაფრთხილებების ინტეგრაციას ევროპულ პლატფორმაში – Meteoalarm. აღნიშნული სისტემა ევროპული მასშტაბის ერთიანი სივრცეა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მიერ გაცემულ მეტეოროლოგიური გაფრთხილებების ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დანერგვის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს Meteoalarm-ში გაფრთხილებების გავრცელების ინტეგრაციის პროცესი. როგორც EUMETNET-ის წევრი ორგანიზაცია, საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური ინფორმაციის უფრო სწრაფ, ზუსტ და ეფექტიან გავრცელებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ევროკავშირის მეტეოროლოგიური ქსელი “EUMETNET” დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 33 წევრ და 6 პარტნიორ ქვეყანას. ქსელის მიზანია წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მონაცემებისა და გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მეტეოროლოგიური სერვისების განვითარება ევროპული მასშტაბით.