“თუ უკრაინა დაეცა, ნატო რუსეთთან კონფრონტაციაში შევა” – ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ, უკრაინის მარცხის შემთხვევაში, რუსეთის ლიდერი შესაძლოა, ნატოს ქვეყნებს დაესხას თავს, მაგალითად, ბალტიის რეგიონში.
ამის შესახებ მან კონგრესში მოსმენების დროს თქვა.
კონგრესმენები დაინტერესდნენ, თუ რა რისკი ელოდება აშშ-ს უკრაინის დამარცხების შემთხვევაში.
“თუ უკრაინა დაეცა, პუტინი იქ არ გაჩერდება. ის გააგრძელებს წინსვლას. ის თავს დაესხმება და ხელში ჩაიგდებს მეზობლების სუვერენულ ტერიტორიას. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან შეშფოთებულნი და ფიქრობენ, იქნებიან თუ არა შემდეგი. ისინი იცნობენ პუტინს, იციან – რაზეა წამსვლელი. გულწრფელად რომ ვთქვათ, თუ უკრაინა დაეცა, მჯერა, რომ ნატო რუსეთთან კონფრონტაციაში შევა”,- თქვა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, უკრაინელი სამხედროები აშშ-ის სამხედრო დახმარების ნაკლებობის შედეგებს უკვე განიცდიან.
“ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რუსები აგრძელებენ წინსვლას და მცირე შედეგებს აღწევენ. და ეს იწვევს დიდ შეშფოთებას. ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, რუსეთს არტილერიაში უპირატესობა ექნება. უკრაინელები, ასევე, აღმოჩნდებიან სარისკო მდგომარეობაში ადეკვატური საჰაერო თავდაცვის არარსებობის გამო”,- თქვა ლოიდ ოსტინმა.