“2012 წლიდან დაიწყო სოფლის მეურნეობამ საქართველოში განვითარება; მანამდე ის იყო სრულად მორღვეული და “ქართული ოცნების” პირობებში მოხდა ამ მიმართულებაზე განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსირება” – დავით სონღულაშვილი
“2012 წლიდან დაიწყო სოფლის მეურნეობამ, როგორც სექტორმა, განვითარება საქართველოში. მანამდე სოფლის მეურნეობა იყო სრულად მორღვეული და “ქართული ოცნების” პირობებში მოხდა ამ მიმართულებაზე განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსირება”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა.
“აგროსასურსათო პროდუქტის წარმოება და ყოველწლიურად 7-8%-ით იზრდება. ჯამურად, უნდა აღვნიშნო, რომ 10-15 წელიწადში ერთხელ ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც ხდება პოლიტიკის გადახედვა სრულად სოფლის მეურნეობაში. ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ის მიწოდების ჯაჭვის რღვევა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს, ფასების ზრდა, როგორც საწვავზე ასევე სასუქზე და პესტიციდებზე, ეს ყველაფერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია სოფლის მეურნეობის პროდუქციის. შესაბამისად ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტად დააჩქარა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გადახედვა. დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევა, ზუსტად ამიტომ ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ამაზე გაკეთდა. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის წახალისება, ეს არის მიმართულებები, რომელიც განსაკუთრებული ფოკუსირების და აქცენტის საგანია. ზუსტად ამას ემსახურება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გადახედვა.
ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც აქამდე განხორციელდა, თუმცა ამას დღევანდელი გარემო პირობებიდან გამომდინარე სჭირდება სხვა გარდაქმნა, შესაბამისად ამას სჭირდება ახალი რეფორმა, რომელიც ეფუძნება იმპორტის ჩანაცვლებას და ექსპორტის წახალისებას”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.