“ასე ვეღარ გაგრძელდება”, “სისტემით არავინ არის კმაყოფილი” – რას ფიქრობენ ირანელი ქალები დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე
ირანში დღეს ექსპერტთა საბჭოს და მეჯლისის (ერთპალატიანი პარლამენტის) არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
Al Jazeera-მ ადგილობრივების განწყობები მოისმინა.
როგორც თეირანში ერთ-ერთი ქალი ამბობს, დღეს საარჩევნო უბანზე არ მივა, რაც მისი გზავნილია, რომ “ასე ვეღარ გაგრძელდება”.
ქალი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, რადგან არ სჯერა, რომ ამან შესაძლოა, რამე შეცვალოს.
„ნახეთ, ბოლო დროს ხორცის ფასმა როგორ მოიმატა? იგრძენით ინფლაცია? რატომ უნდა მივცე ხმა, თუ პარლამენტში მყოფი ხალხი ვერაფერს ცვლის”, – ამბობს 50 წლის ქალი.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ქმარს ეჩხუბა, რომელმაც საკუთარი ხმა დააფიქსირა.
„მან მითხრა, რომ შენ შეგიძლია, რამდენიც გინდა, წყევლო ამჟამინდელი ვითარება, მაგრამ ხმის მიცემა მაინც ჯობსო. მე ამას არ ვეთანხმები, ხმის არმიცემით ვაგზავნი სიგნალს, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება”, – თქვა ადგილობრივმა ქალმა, რომლის სახელს გამოცემა შეგნებულად არ ასახელებს.
კიდევ ერთი ქალი ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი სისტემით არავინ არის კმაყოფილი და არც იმას ფიქრობენ, რომ საარჩევნო უბანზე შეიძლება, რაიმეს შეცვლა.
„სიღარიბე, კორუფცია და ინფლაცია, ხალხის ტანჯვა დღითი დღე იზრდება. ჩვენი პრობლემები არავის ადარდებს. 290 დეპუტატიდან, შესაძლოა, მხოლოდ 30 უჭერდეს ხალხს მხარს. და, ამიტომ, ვის უნდა მივცეთ ხმა? კორუმპირებულ მთავრობას? არავინ არის კმაყოფილი სისტემით“, – თქვა მან.
55 წლის მედდა, ნაჯმედდინ ფერეიდუნი კი პირიქით, ფიქრობს, რომ ხმის მიცემა აუცილებელია.
”მე ვგრძნობ, რომ ქვეყნის ნგრევა საარჩევნო ყუთიდან იწყება. ჩვენ უნდა მივცეთ ხმა, რომ საკუთარი ბედი, ქვეყნის ბედი გადავწყვიტოთ. თუ ხმას მივცემთ, შემდეგში შეგვიძლია მოვითხოვოთ კიდევაც, მაგრამ, თუ ხმას არ მივცემთ – ვერაფერსაც ვერ მოვთხოვთ. თუ ვინმე არ მონაწილეობს არჩევნებში ის ღალატობს საკუთარ თავს და ქვეყანას და ისრაელსა და აშშ-ს აქტიურად ეხმარება. ეს უცხო ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენთვის წითელი ხალიჩის გაშლა სურთ, იტყუებიან და მხოლოდ აქ ჩამოსვლა და ირანის, ახლო აღმოსავლეთის შეცვლა სურთ”,- ამბობს ნაჯმედდინ ფერეიდუნი.