ლონდონში გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა
გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ცხოვრების ბოლო სამი ათეული წელიწადი მჭიდროდ იყო დაკავშირებული დიდ ბრიტანეთთან. იგი საბჭოთა რეჟისორების ჯგუფთან ერთად პირველად 1988 წელს ჩავიდა ლონდონში და სამუდამოდ „მოიწამლა“ მისი სიყვარულით. ბატონი გოგის საუკეთესო ფილმები: „ვეძებთ მარჯორის და ოლივერს” და „ბედიანი” ინგლისური მხარის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ყველაზე მეტად გახმაურდა, რადგან ისინი უჩვენეს საქართველოშიც და გაერთიანებულ სამეფოშიც.
მას არაერთ ინგლისელ პროდიუსერთან და კინოს პროფესიონალთან მოუწია თანამშრომლობამ და ქართულ-ინგლისური ურთიერთობების ახალი თავის დაწყებაც, მისი და მისი მეუღლის ქალბატონ მარინა ციციშვილის საქმიანობას უკავშირდება. სწორედ მათი ზრუნვით შეიქმნა 1994 წელს ბრიტანულ-ქართული კულტურული და საქმიანი ურთიერთობის ცენტრი, რომლის ეგიდით მრავალი საჭირო შეხვედრა და პროექტი განხორციელდა როგორც ლონდონში, ასევე საქართველოში. ქართული ფოლკლორული მუსიკისა და ქორეოგრაფიის გასაცნობად დიდ ბრიტანეთში მათ საკმაო შრომა გასწიეს, იმხანად ბევრმა საქართველოს არსებობა ამ კონცერტების მეშვეობით გაიგო. მათ ასევე პირველებმა დააფუძნეს ქართული რესტორანი ლონდონში, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და მათ შემდეგ ამ ბიზნესით ბევრი ქართველი დაინტერესდა. დღესდღეობით უკვე ოცამდე ქართულ რესტორანს შეხვდებით დიდ ბრიტანეთში. ამ ყოველივეზე იყო საუბარი ახლახან ლონდონის ESU-ის („ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირი“) სათავო ოფისში, რომელიც მეიფეაზე, Dartmouth House-ში, ჩარლზ სტრიტის 37 ნომერში მდებარეობს. იგი სახელოვან ჰერცოგთა ოჯახებმა ააშენეს და შეამკეს ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში. აქ ოდესღაც უინსტონ ჩერჩილიც ცხოვრობდა.
ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირი 1918 წლიდან არსებობს და ოროცდაათზე მეტ ქვეყანაში აქვს ფილიალი, მათ შორის თბილსიში, რომლის თავმჯდომარე გახლავთ მარინა ციციშვილი. გოგის და მარინას საქმიანობას კარგად იცნობდნენ ამ საზოგადოებაში. სწორედ ამის გამო შედგა ჩერჩილის დარბაზში გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის “Life full of contrasts”-ის პრემიერა, რომლის ავტორიც მარინა ციციშვილია. მან მეუღლის 80 წლისთავი ამ ფილმით აღნიშნა, რომლის პრემიერა შარშან შედგა თბილისში.
მარინა ციციშვილს აქამდე ფილმი არასოდეს გადაუღია, მაგრამ წლების განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა კინოინდუსტრიასთან და გოგის ფილმებიც მის თვალწინ იქმნებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა, გადაეღო ფილმი გოგიზე, უნიჭიერეს პიროვნებაზე, რომელმაც ძალზე საინტერესო ცხოვრების გზა განვლო და საკუთარი კინოსამყაროთი დაიმკვიდრა თავი.
50-წუთიანი ფილმი სახიერად გადმოსცემს პროტაგონისტის მრავალფეროვანი ინტერესებით სავსე ცხოვრებას. იგი კინომდე ცხოვრების ცოდნით გამდიდრებული მივიდა. სკოლის მერხიდან არ განუზრახავს რეჟისორობა, მანამდე ის გამოცდილებებს აგროვებდა. იგი სავსებით იზიარებდა ბიძამისის, გამოჩენილი თეატრალური რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის აზრს, რომელიც მუდამ წინააღმდეგი იყო, როცა სკოლის მერხიდან პირდაპირ ინსტიტუტში მიდიოდნენ რეჟისორის პროფესიის დასაუფლებლად. მას მიაჩნდა, რომ ცხოვრებისეული გამოცდილების გარეშე ძალიან უხერხემლო და არადამაჯერებელი იქნებოდა როგორც რეჟისორის სათქმელი, ასევე მხატვრული შედეგი.
მარინა ციციშვილის ფილმიდან, ვიგებთ, რომ გოგიმ უერთგულა სახელოვანი ბიძის ამ შეხედულებას, იგი ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. მართალია, სპარსულ ენას ვერ დაეუფლა, მაგრამ თავის ლექტორთან – ვახუშტი კოტეტიშვილთან დამეგობრებამ ცხოვრებაში ბევრი რამ ასწავლა.
მერე იყო სამხატვრო აკადემიაში განსწავლის წლები. იქ ძალიან საინტერესო ადამიანების გარემოცვაში ტრიალებდა და დიდი ცხოვრებისეული სკოლა გაიარა. ბოლოს კი თეატრალურ ინსტიტუტს მიაკითხა და რეჟისურის სწავლა მოისურვა, რისი სასტიკი წინააღმდეგი იყო ბიძამისი – მიხეილ თუმანიშვილი. ფილმში კარგად არის ნაჩვენები გოგის ჯიუტი ხასიათი და მიზანდასახულობა. მას რომ დაეჯერებინა მიხეილ თუმანიშვილისთვის, ქართულ კინოში არ იარსებებდა ის ორიგინალური ნიშა, რომელსაც გოგი ლევაშივ – თუმანიშვილს უკავია. რაც მთავარია, არ იქნებოდა მიხეილ თუმანიშვილზე გადაღებული ბრწყინვალე ფილმი „გამჭოლი მოქმედება“.
მოგეხსენებათ, მიხეილ თუმანიშვილზე საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა არსებობს, მაგრამ ამ დიდი ხელოვანის გასაცნობად ეს ფილმი განსაკუთრებით ღირებულია. მასში არის ისეთი კინემატოგრაფიული მიღწევები, რაც დოკუმენტურ კინოს თითქოს არ მოეთხოვება. თუმცა გოგი ამ ფილმში და ყველა მომდევნო ნამუშევარშიც ეკრანის პოეტად რჩება.
„შენ კეტავ შენს თავს, როცა მიმბაძველობით იწყებ დამკვიდრებას ხელოვნებაში. უნდა უერთგულო საკუთარ გულსთქმას და ხედვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფემერული აღმოჩნდება შენი ყველა მცდელობა კინოში საკუთარი ხელწერის მოსაპოვებლად“, – ამბობდა გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი და ეს მართლაც სანდო რჩევაა მათთვის, ვისაც ხელოვნების სფეროში განუზრახავს საკუთარი თავის რეალიზაცია.
თავად იგი არისტოკრატულ ოჯახში, ინტელექტუალთა გარემოცვაში გაიზარდა, მაგრამ მას ქუჩაც თანაბრად იზიდავდა და აინტერესებდა. მერე ეს ყველაფერი სასიკეთოდ აისახა მის კინოში. როცა დაიწერება ქართული კინოს ნამდვილი ისტორია, მასში გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმები შევა, როგორც უნიკალური მხატვრული მოვლენა, შობილი ცხოვრების საფუძვლიანი ცოდნით და კინოს გაუნელებელი სიყვარულით.
ვისაც კი უმუშავია გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილთან, ვერასოდეს დაივიწყებს დაუდეგარ და სიცოცხლით სავსე მის პიროვნებას, რომელიც ფილმის გადაღების პროცესში კიდევ უფრო საინტერესო ხდებოდა. თავის მუშაობაში იგი ხშირად მიმართავდა იმპროვიზაციას, რაც მსახიობების მოტივაციას ერთიორად ზრდიდა.
ლონდონში ფილმის პრემიერას დაესწრნენ სტივენ ნეში, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ბილ მაკალისტერი, ICA(Institute of Contemporary Art)-ის ყოფილი დირექტორი, ასევე ცნობილი მსახიობები: შონ ფილიპსი და ალექს კინგსტონი, რომლებიც გოგის ფილმებში მონაწილეობენ. თავიანთი მოსვლითა და ყურადღებით ქართველი კინორეჟისორის მიმართ პატივისცემა დაადასტურეს პროდიუსერებმა: სილვია სტივენსმა, ტერეზა ჩერფასმა, კერინ ბემბერაფმა, ჯემა ჯაპმა, რეჟისორმა ირინა ბრაუნმა, მხატვარმა ტაბიტა სალმონმა, ლონდონის მარიონეტების თეატრის “Little Angel”-ის დამაარსებელმა ლინდი რაიტმა და სხვებმა.
გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი მუდამ მეგობრებსა და მოკეთეებს უმრავლებდა საქართველოს. ის და მისი ოჯახი სახალხო დიპლომატიის შედეგიანობის საუკეთესო დასტურია, რასაც ნათლად წარმოაჩენს თვით ფილმი და მისი ჩვენების შემდეგ, კერძო საუბრებში ინგლისელების მიერ გამხელილი საქართველოს სიყვარული…
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან