“ევროკავშირი რუსეთთან დაძაბულობის პერიოდისთვის უნდა მოემზადოს” – ბორელი

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ხანგრძლივი დაძაბულობისთვის​ უნდა მოემზადონ, რომელსაც შესაძლოა, მოუნდეს „უახლოესი თვეების განმავლობაში ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკური და სამხედრო პროვოკაციების გაძლიერება”.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაძლიერება“, – დაწერა ბორელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგების შეჯამებისას.

ამასთან, მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, შეიმუშაონ გლობალურ სამხრეთთან ურთიერთობის სტრატეგია.

მისი თქმით, თუ მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა განაგრძობს განვითარებას – „დასავლეთი დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ“ მიმართულებით, მაშინ „ევროპა ბნელი მომავლის წინაშე დადგება”.

“დასავლეთის დომინირების ეპოქა მართლაც დასრულდა. თუმცა, თეორიულად ეს გასაგები იყო, მაგრამ ყოველთვის არ გამოგვქონდა დასკვნები ამ ახალი რეალობიდან”, – მიიჩნევს ბორელი.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ გლობალური სამხრეთის მრავალი ქვეყანა დასავლეთს „ორმაგ სტანდარტებში“ ადანაშაულებს და „რუსეთმა სიტუაციით ისარგებლა“.

“ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ ნარატივს და არამხოლოდ სიტყვებით. უახლოეს თვეებში უზარმაზარი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ პარტნიორების ნდობის დაბრუნებაში”, – ამბობს ბორელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები