“დღეს კონსენსუსი არ არსებობს” – მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა არ გამორიცხა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ნაბიჯების შესახებ გამოაცხადა და არ გამორიცხა ქვეყანაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა.

ამის შესახებ AFP წერს.

„სახმელეთო ჯარების გაგზავნაზე კონსენსუსი დღეს არ არსებობს, მაგრამ არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა ამ ომში არ მოიგოს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის”,- თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა, ასევე, ახალი კოალიციის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც უკრაინას შორი დისტანციის რაკეტებს და საბრძოლო მასალებს მიაწვდის, თუმცა, კონკრეტულად რომლებს – დაზუსტებული არ არის.

მაკრონის თქმით, რუსეთი სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება არა მხოლოდ უკრაინის ბრძოლის ველზე, არამედ, ზოგადადაც.

ელისეის სასახლეში კონფერენციის გახსნისას მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა მხარდაჭერა უნდა გაააქტიურონ.

„რუსეთის მხრიდან გამკაცრებას ვხედავთ, განსაკუთრებით – ბოლო რამდენიმე თვეში. დასავლეთმა უნდა შეცვალოს მიდგომა და გაითვალისწინოს საფრთხის ტრანსფორმაცია სამხედრო და სტრატეგიული თვალსაზრისით“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.

ელისეის სასახლეში გუშინ გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი – ოლაფ შოლცი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – დევიდ კამერონი, ესპანეთის პრემიერმინისტრი – პედრო სანჩესი, ნიდერლანდების პრემიერმინისტრი – მარკ რუტე, ასევე, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები.

შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში – ჯიმ ო’ბრაიენი, ხოლო კანადას თავდაცვის მინისტრი – ბილ ბლერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები