“პუტინი უკრაინაში ვერ გაიმარჯვებს” – ევროპის 20-მდე ლიდერი პარიზში უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმსჯელებს
ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერი პარიზში დღეს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხს განიხილავს.
ამის შესახებ ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საფრანგეთში აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა იქნება შესაძლებლობა, “მოხდეს ერთიანობის და სიმტკიცის დემონსტრირება რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის წინააღმდეგ”.
„ჩვენ გვინდა პუტინისთვის ძალიან მტკიცე მესიჯის გაგზავნა, რომ ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. ჩვენი მიზანია ამ იდეის დანგრევა. მას სურს, დაგვაჯეროს, რომ ის როგორღაც გაიმარჯვებს“, – განაცხადა ელისეის სასახლის წარმომადგენელმა.
დღევანდელი კონფერენცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვით გაიხსნება.
სხვა ლიდერებთან ერთად, მასში მონაწილეობას მიიღებენ – გერმანიის კანცლერი – ოლაფ შოლცი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – დევიდ კამერონი, ესპანეთის პრემიერმინისტრი – პედრო სანჩესი, ნიდერლანდების პრემიერმინისტრი – მარკ რუტე, ასევე, სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები.
აშშ-ის წარადგენს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში – ჯიმ ო’ბრაიენი, კანადას კი თავდაცვის მინისტრი – ბილ ბლერი.