“რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შეერთებას 5-10 წელი დასჭირდება” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ “რუსეთ-აფხაზეთი-ბელარუსის” საკავშირო სახელმწიფოს პროექტში მონაწილეობას, სულ მცირე, 5-10 წელიწადი დასჭირდება.

მისი თქმით, ე.წ. რესპუბლიკას სურს, იყოს რუსეთთან, ბელარუსთან, გახდეს ამ ინტეგრაციული პროცესის ნაწილი, ოღონდ “დამოუკიდებლობის შენარჩუნებით”.

ამის შესახებ მან “ტასს”-თან ინტერვიუში თქვა.

“პირველ ყოვლისა, ვხელმძღვანელობ იმ დოკუმენტებით, რომლებიც აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა. სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებას – “ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ”- ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს მოეწერა და მასში ნათლად წერია, რომ რუსეთი ეხმარება აფხაზეთის რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობაში. ეს ფორმა ყველაზე სრულად შეესაბამება ჩვენს მომავალს, ჩვენს ხედვას მომავლის შესახებ.

ჩვენ გვინდა, ვიყოთ რუსეთთან, ბელარუსთან, გვინდა – ვიყოთ ამ ინტეგრაციული პროცესის აქტიური მონაწილეები ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. საკავშირო სახელმწიფო კი – არის ფორმატი, რომელშიც დამოუკიდებელი სახელმწიფოები თანხმდებიან ურთიერთსასარგებლო პირობებზე ზესახელმწიფოებრივი​სტრუქტურების შესაქმნელად. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მაგრამ გარკვეული ეტაპის გავლაა საჭირო, უნდა მომზადდეს ნორმატიული აქტები. ამ ამბავს, შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს, დაახლოებით 5-10 წელი, ისევე როგორც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ამბავს.

თანამედროვე მსოფლიოში განადგურდა უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შემუშავდა და რომელსაც მიჰყვებოდა სახელმწიფოების უმეტესობა. ის არ არსებობს და კაცობრიობამ უნდა განავითაროს უსაფრთხოების ახალი სისტემა. ამისკენ მიდის ყველაფერი. ერთპოლარული სამყარო არ შედგა და არ შეიძლება შემდგარიყო. იქნება მრავალპოლარული და უფრო სამართლიანი სამყარო და უნდა არსებობდეს რეგიონალური ალიანსები. ეს გაერთიანება სასარგებლოა რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და, რა თქმა უნდა, აფხაზეთის ხალხისთვის. ეს მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და კულტურა, მეორე მხრივ კი – მისი განვითარება. ვფიქრობ, რომ ასეთი ალიანსისკენ მიმართული მუშაობა არის სწორი ვექტორი ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის.

ჩვენი დამოუკიდებლობა ძვირი დაჯდა და ჩვენ არ გვინდა, გავხდეთ სახელმწიფო, რომელმაც ეს სტატუსი დაკარგა. ჩვენ გვინდა, ვიყოთ სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ინტეგრაციულ პროცესებში ისეთ სახელმწიფოებთან ერთად, როგორებიცაა რუსეთი და ბელარუსი და მათთან, ვისაც სურს, ასეთ კავშირს შეუერთდეს”,- თქვა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები