“უკვე 50 ათასზე მეტი განცხადებაა” – რუსეთში ოჯახისთვის ნავალნის ცხედრის გადაცემას ითხოვენ
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისთვის, 19 თებერვლის დილის მდგომარეობით, უკვე 50,7 ათასი განცხადებაა გაგზავნილი, რომელშიც მოქალაქეები ითხოვენ, რომ ალექსი ნავალნის ცხედარი ოჯახისთვის იყოს გადაცემული.
OVD-Info-ში აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლება 47 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებს, ასევე, დედისთვის მისი ცხედრის გადაცემაზეც ამბობს უარს.
„სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ მიზეზი დაუდგენელია და ტარდება განმეორებითი ჰისტოლოგიური ექსპერტიზა, შედეგებს მხოლოდ მომავალ კვირას მივიღებთ. პოლიტიკოსის ახლობლები და თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ ამ გზით ხელისუფლება მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის დამალვას ცდილობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს, ნავალნის გუნდის სპიკერმა, კირა იარმიშმა დღეს დაწერა, რომ ნავალნის დედა – ლიუდმილა ნავალნაია დღეს მორგში არ შეუშვეს.
“მორგთან გამთენიისას მივიდნენ. შიგნით არ უშვებენ. ერთ-ერთი ადვოკატი, ფაქტობრივად, გააძევეს იქიდან. კითხვაზე, არის თუ არა იქ ალექსეის ცხედარი, თანამშრომლები არ პასუხობენ”, – წერს იარმიში.