საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2″-ის ეთერში საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ პარტნიორობაზე, პოლიტიკურ ურთიერთობებსა და ახალი ხელისუფლების პირობებში, მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრა
“ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდამჭერები და კარგი მეგობრები იყვნენ. ზოგადად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ძალიან კარგი, მტკიცე, მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რომელსაც უკვე აქვს თავისი ინსტიტუციური ფორმა მიღებული. ჩვენ გვაქვს შემუშავებული მთავრობებს შორის დიალოგის საკმაოდ ინტენსიური ფორმატები. იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ხალხის არჩევანს, ეს დემოკრატიის წესია. ეს არჩევანი გააკეთა უნგრელმა ხალხმა და ყველა ვალდებულია, პატივი სცეს მას,”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახალ პოლიტიკურ რეალობასა და მოლოდინებზე.
„იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის, კიდევ უფრო განვითარდება და არ გვექნება უკუსვლა. ახლა რთულია ჩვენთვის განსაზღვრა თუ როგორი იქნება ახალი ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით, თუ რა პოლიტიკას გაატარებს. ვინაიდან ამ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს ხელისუფლებაში ყოფნის ისტორია, რთულია გავაკეთოთ წინასწარი შეფასებები.
თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მათ ორბანის პარტიისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მსგავსი იყო მათი პოზიციები უნგრეთისთვის მნიშვნელოვან თემებზე.”- აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია არსებული ურთიერთობების შენარჩუნება და გაძლიერება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე გავაგრძელებთ მუშაობას და იმედი გვაქვს, რომ უნგრეთის მხრიდანაც იგივე დამოკიდებულებას ვნახავთ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.