პოზნანის რაიონულმა პროკურატურამ 48 წლის ნაზგურ ქავთარაშვილის დაპატიმრების ორდერი გასცა. ის იმ 5 თვის ბიჭის მამაა, რომელიც თავის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ საქმეზე ბავშვის დედა და მისი ორი მეგობარი დააკავეს. ახლა პოზნანის პროკურატურამ მისი მამის, საქართველოს მოქალაქის, 48 წლის ნაზგურ ქავთარაშვილის დაპატიმრების ორდერი გასცა.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მამაკაცი მისი ჩვილი შვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის რადიკალური საფრთხის შექმნაზეა პასუხისმგებელი.
“მამაკაცი ეჭვმიტანილია არასრულწლოვანი შვილის სერიოზული ფიზიკური დაზიანების უშუალო საფრთხის წინაშე დაყენებაში და მისთვის დახმარების გაწევის უგულებელყოფაში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა.
პროკურორის მოთხოვნით, პოზნანის ახალი მიასტოსა და ვილდას რაიონულმა სასამართლომ ნაზგურ ქავთარაშვილს წინასწარი პატიმრობა 2026 წლის 10 აპრილს შეუფარდა. ყველას, ვინც იცის ძებნილის ადგილსამყოფელი, მოეთხოვება ამის შესახებ უახლოეს პოლიციის განყოფილებას ან პროკურორს აცნობოს. ძებნილის დამალვა ან მისთვის გაქცევაში დახმარება ისჯება ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მოცემულია გარანტია, რომ ინფორმატორის ვინაობა კონფიდენციალური იქნება“, – აცხადებს პოზნანის რაიონული პროკურატურის პრესსპიკერი, ლუკაშ ვავრჟინიაკი.
როგორც ცნობილია, ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 8 აპრილს გარდაიცვალა. გაკვეთამ არ გასცა საბოლოო პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა ჩვილი ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, დადგინდა, რომ მდგომარეობა, რომელშიც ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს, სიცოცხლისთვის საშიში იყო და დაზიანებები, სავარაუდოდ, ბავშვის შენჯღრევამ და თავის მყარ საგნებზე დარტყმამ, ან იატაკზე დავარდნამ გამოიწვია.