ჩვენ, საქართველოს და აზერბაიჯანს, ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის მნიშვნელობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შორის არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას – მაკა ბოჭორიშვილი

„საქართველოს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ორივე ქვეყნისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა – საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობები აზიასთან დაკავშირებადობის კონტექსტში და აზერბაიჯანისთვის საქართველოსთან ურთიერთობები ევროპასთან დაკავშირებადობის კონტექსტში. ჩვენ, ორივე ქვეყანას ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის მნიშვნელობა ერთმანეთისთვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას. ეს დამოკიდებულება აძლიერებს და აფართოებს იმ შესაძლებლობებს, რაც დგას ჩვენი რეგიონის წინაშე და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, ვინაიდან ეს საჭიროება არსებობს.” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “რუსთავის 2-ის” გადაცემა “ღამის კურიერში”.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. “საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ ათწლეულების თანამშრომლობის ძალიან კარგი ისტორია და ეს მოიცავს კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ჩვენ ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით განვახორციელეთ, რაც უკავშირდება გაზის, ნავთობის ტრანსპორტირებას, სარკინიგზო კავშირების განვითარებას, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფიზიკურად დაკავშირებადობის კონკრეტული მაგალითების შექმნას. ეს ურთიერთობა არის ძალიან მჭიდრო. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო ვითარდება. თვის ბოლოს ასევე ვგეგმავთ ეკონომიკური კომისიის მასპინძლობას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული მიმართულებებით, კონკრეტულ შედეგებზე და მომავალზეც ვისაუბრებთ. უკვე არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი კარგი მაგალითი შევქმნათ ერთმანეთთან თანამშრომლობის.” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის კაბელის საკითხზე. ამ კონტექსტშიც, საუბარი არის არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ უფრო ფართო რეგიონზე და იმ შესაძლებლობებზე, რაც შავი ზღვით დაკავშირებადობას მოაქვს საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ერთობლივი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. “საკმაოდ მჭიდროა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ მიმართულებითაც თანამშრომლობა. აზერბაიჯანი საკმაოდ მსხვილი ინვესტიციების განმახორციელებელი ქვეყანაა საქართველოში და ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო ვანვითარებთ იმისათვის, რომ იყოს უფრო მეტი ერთობლივი პროექტი და მეტი ერთობლივი ძალისხმევა იყოს გაწეული იმისათვის, რომ ორივე ქვეყნის ინტერესები იყოს უკეთ წარმოჩენილი, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ კონტექსტში. დღევანდელი განვითარებების ფონზე, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა სცილდება რეგიონულს და უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს დღეს გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე.” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები