მოლდოვამ დსთ-დან გასვლის ოფიციალური თარიღი გამოაცხადა
მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) 2027 წლის 8 აპრილს ოფიციალურად დატოვებს.
ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა, რომლის ციტირებასაც Realitatea ახდენს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ განაცხადის გატანის სამართლებრივი პროცედურა უკვე დაწყებულია.
„შესაბამისი შეთანხმებების დენონსაციის შესახებ ხელმოწერისა და 8 აპრილს ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ, მინსკში მდებარე სამდივნოს შეტყობინება გაეგზავნა და ჩვენ მივიღეთ ჩვენი შეტყობინების მიღების დადასტურება“, – განაცხადა პოპშოიმ.
მანვე დასძინა, რომ ფორმალური თვალსაზრისით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მოლდოვას რესპუბლიკა შეწყვეტს დსთ-ს წევრობას შეტყობინების დღიდან ერთი წლის შემდეგ.
„მომავალი წლის 8 აპრილს, იურიდიული და ფორმალური თვალსაზრისით, ჩვენ აღარ ვიქნებით დსთ-ს წევრები“, – განაცხადა მოლდოველმა მინისტრმა.
ამავდროულად, მისი თქმით, პრაქტიკაში, კიშინიოვს ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა რამდენიმე წელია აღარ აქვს.
„პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენ დიდი ხანია არ ვართ წევრი, ან მრავალი წლის განმავლობაში არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ ღონისძიებებსა და სხვა შეხვედრებში, რომლებიც არ ემსახურება მოლდოვას რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებს“, – ხაზგასმით აღნიშნა პოპშოიმ.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა დადგენილებებს დსთ-ს დამფუძნებელი შეთანხმებების დენონსაციის შესახებ.
გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ინიცირებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელსაც 2 აპრილს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
11 მარტს მოლდოვას მთავრობამ დაამტკიცა დსთ-ს დამფუძნებელი დოკუმენტების დენონსაცია.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვას ორგანიზაციიდან გასვლამდე დსთ-ში დაგროვილი 100 000 ევროს გადახდა მოუწევს.