“ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები უნდა განიხილოს” – გაბრიელიუს ლანდსბერგისი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა უნდა განიხილოს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
”ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციებზე, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით. ვგულისხმობ, რომ ეს საშინელი შეხსენებაა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთში ოპოზიციის წარმომადგენელს კლავდნენ, ევროპა სანქციების პაკეტებს იღებდა. ეს არის ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია”, – თქვა მინისტრმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ევროკავშირმა სათანადო დაკრძალვისთვის რუსეთისგან ნავალნის ცხედრის გადაცემა უნდა მოითხოვოს.
ევროკავშირის მინისტერიალში დღეს იულია ნავალნიას ელოდებიან, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში არსებულ ვითარებასა და მისი მეუღლის გარდაცვალებაზე ისაუბრებს.
ალექსი ნავალნი რუსეთის ციხეში 47 წლის ასაკში 16 თებერვალს გარდაიცვალა. იმავე დღეს, იულია ნავალნაია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.