ვუჩიჩი რუსეთ-სერბეთის ურთიერთობის გაუარესებას არ გამორიცხავს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, “მოსკოვის მიმართ სერბეთის პოზიცია გაუარესდება”.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია Prva-ს ეთერში განაცხადა.

ვუჩიჩმა თქვა, რომ არ სურს, ისაუბროს, თუ რა დაემართა ციხეში მყოფ ნავალნის, რადგან „მე არ ვარ საგამოძიებო ორგანო“.

“არ ვარ მსოფლიოში ყველაზე ბრძენი, ვინც ყველაფერი წინასწარ იცის. ეს პოლიტოლოგებმა უნდა აკეთონ, მაგრამ არა სახელმწიფოს პრეზიდენტმა. მაგრამ ჩვენთვის პოზიცია უფრო გართულდება, ამაში ეჭვი არ მეპარება”, – განაცხადა ვუჩიჩმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნავალნის სიკვდილმა „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ და დასძინა, რომ „ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი კვდება“.

სერბეთის პრეზიდენტმა, ასევე, უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ დაუკრა ტაში 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იულია ნავალნაიას, როდესაც ის სიტყვით გამოვიდა.

“ჩემ გვერდით უცებ ქალი დაჯდა და მე წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყო ის. ამის შემდეგ ორგანიზატორებმა ის სცენაზე მიიწვიეს და წარადგინეს. მხოლოდ მაშინ მივხვდი, ვინც იყო. მინდოდა სამძიმრის თქმა, მაგრამ შევცდებოდი, რადგან რამდენიმე წუთში მან თქვა, რომ სამძიმრის თქმა საჭირო არ იყო”, – ამბობს ვუჩიჩი.

ვუჩიჩმა თქვა, რომ საერთაშორისო შეხვედრებზე საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის დადის, და ასევე, ელოდება, რომ “რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით, სერბეთზე მეტი ზეწოლა იქნება”.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების მიუხედავად, სერბეთს რუსეთის მიმართ სანქციები არ დაუწესებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები