მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთულია ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრიდან განსაკუთრებული მოლოდინების შექმნა, რადგან, მისივე თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ძირითადად გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად.
„რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრიდან. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ძირითადად გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად, ან წუხილის გამოსახატავად, რომ საქართველო არასწორი გზით ვითარდება. თუმცა ამანაც ერთგვარად დაკარგა ფასი. ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყენებენ კონკრეტული პოლიტიკოსები მიკროფონს, როდესაც ისინი შედიან ხოლმე ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე. თავად საბჭოს ფარგლებში, რთულია, წინასწარ ვთქვათ, თუ რაზე იქნება მსჯელობა, როგორ განვითარდება, რა პოზიციებს დააფიქსირებენ წევრი ქვეყნები. თუმცა ერთი რამ ცხადია – ნაკლებია სურვილი, რომ ისევ იმ რეჟიმში დარჩეს საქართველოსთან ურთიერთობები და უფრო მეტი ჩემი კოლეგისგან მესმის მოსაზრება, რომ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ დიალოგის ჩარჩოს და საქართველოსთან ურთიერთობებში რაღაც ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, უნდა მოიძებნოს რაღაც გზა იმისათვის, რომ დაბრუნდეს დიალოგი. ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივია, ჩვენი მხრიდან აქ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც ოდესმე უარი თქვა ევროკავშირთან დიალოგზე“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.