ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში, 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს
ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამაზე პასუხი არ არსებობს.
„14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა. ამაზე პასუხი არ არსებობს. ვერც ევრობიუროკრატები გვპასუხობენ. სხვათა შორის, მათ [ევრობიუროკრატებმა] ეს ნარატივი გამოუშვეს მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და თითქოს ჩვენ რაღაც რუსეთის მხარეს ვიჭერდით. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ხმამაღლა, უკაცრავად ჟარგონისთვის, უტრირებულად ვამბობ, არ ვაგინებდით რუსეთს? ვინაიდან ჩვენ არც ნატოს ქოლგა გვიცავს, არაფერი გვიცავს, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც გაზრდის უსაფრთხოების რისკებს საქართველოში. მეორე, რუსეთი არის ჩვენი ოკუპანტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა რომ ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ და შესაბამისად, თუ შენ დაუწყებ გინებას შენს ოკუპანტს, ტერიტორიების დაბრუნების ალბათობა ამით შემცირდება. შესაბამისად, ეს არის ყოვლად ალოგიკური, დაუშვებელი და უპასუხისმგებლო საქციელი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ათასამდე რეზოლუციას და საერთაშორისო დოკუმენტს მიუერთდა.
„რა გავაკეთეთ რუსული საქმე უკრაინასთან მიმართებით? აბსოლუტურად ყველა რეზოლუციას მივუერთდით. ათასამდე რეზოლუციას და საერთაშორისო დოკუმენტს, ან თანასპონსორები ვართ, ან მიერთებული მხარე. შევიფარეთ 30 ათასამდე უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარებები, ბავშვებს სასწავლებლები გავუხსენით. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია გვიკავია მსოფლიოში. ერთადერთი არ გავაკეთეთ, არ შევეხიდეთ ჩვენი ხალხით, როგორც ამას გვთხოვდა უკრაინის ხელისუფლება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.