პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს – გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება
სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უმასპინძლებს დაახლოებით 500 დელეგატს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, რომ მხარეებმა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რაც დაგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში. ვისაუბროთ გამოწვევებზე, გავაღრმაოთ კონტაქტები, ურთიერთობა და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს უფრო თანამედროვე, მომხმარებელზე, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მომსახურების დანერგვაზე. ამ ღონისძიებაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავაცანით ფორუმის შესახებ დამსწრეებს. მათი მხრიდან იყო შეკითხვები. ასევე, სიტყვით გამოვიდა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი. მათ შორის იყო აზერბაიჯანის, კორეის, იტალიის წარმომადგენლები. მათ აღიარეს და ახსენეს ის მიღწევები, რაც აქვს საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად. გამოხატეს მზადყოფნა ჩამოვიდნენ თბილისში და უკვე დეტალურად ვისაუბროთ იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ჩვენს წინაშე. იმ მიღწევებზე, რომელიც დღეს საქართველოს აქვს და არამარტო საქართველოს. აქ იქნება შესაძლებლობა, რომ მთავრობების წარმომადგენლებმა, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ხედვები, რაც უნდა იყოს წარმმართველი 21-ე საუკუნის საჯარო მმართველობის სფეროში“, – აღნიშნა პაატა სალიამ.