მაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე
შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავის 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარე არ განიხილავს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არ განახლება ტექნიკურ ხარვეზთან არის დაკავშირებული.
„ამის მიზეზი მოვისმინეთ თუ არა, უკვე ამას მნიშვნელობა არ აქვს – ფაქტია, რომ ამ უბრალო, მარტივი რაღაცის ინსტრუმენტალიზაციაც ხდება და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან – მე ძალიან ხშირად ვესაუბრები ჩემს გერმანელ კოლეგებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს კავშირები და კომუნიკაცია არსებობს და დასანანია, როდესაც ვხედავთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯიუტად არ დგამს ამ პატარა ნაბიჯსაც კი იმისთვის, რომ უბრალოდ სწორი ინფორმაცია ასახოს საკუთარ ვებგვერდზე მაშინ, როცა ქართული მხარე ამას ითხოვს და მიუთითებს. ასეთი გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, რომ ორი წელია, ტექნიკური ხარვეზი ვერ გაასწორეს – ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.