პაატა სალია: ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში – ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი

დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება მომდევნო წლის ბოლომდე.

„[გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაზე] ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოში საჯარო სერვისები ფაქტობრივად ყველგან ხელმისაწვდომია. ნებისმიერი ის მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომია თბილისში, მომხმარებლებს შეუძლიათ რეგიონებშიც მიიღონ. მთავარი გამოწვევა 21-ე საუკუნეში არის ამ სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია, ანუ დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში. ეს არის მთავარი გამოწვევა. გვაქვს დაგეგმილი არაერთი ღონისძიება, მათ შორის უახლოეს პერიოდში, ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში, რაც გულისხმობს დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გაერთიანებას ერთ საერთო საფულეში. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომდევნო წლის დასასრულამდე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები