პისტორიუსმა ნატოს, რუსეთის შესაძლო თავდასხმის ჭრილში, “ცუდი სცენარისთვის” მომზადებისკენ მოუწოდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპასა და ნატოს წევრ ქვეყნებს „ცუდი სცენარისთვის“ მომზადებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა.
“არ მიყვარს ბროლის ბურთში ყურება. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, მოხდება თუ არა თავდასხმა ნატოს ქვეყანაზე და როდის მოხდება, მაგრამ ეს შესაძლოა, 5-8 წელიწადში მოხდეს”, – თქვა მან.
პისტორიუსმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა, დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ეს თავად აშშ-ის ინტერესებშია.
“ევროპა გეოგრაფიულად აიოვას ან ვისკონსინისგან შორს არის, მაგრამ მაინც ძალიან ახლოსაა უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით. ევროპაში ნაკლები უსაფრთხოება ნიშნავს ნაკლებ უსაფრთხოებას შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ არ უნდა მივიღოთ თავისუფლება, როგორც რაღაც, რაც თავისთავად არსებობს. ჩვენ ის უნდა დავიცვათ. საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის ბრძოლაც მოგვიწევს”, – თქვა ბორის პისტორიუსმა.