ისრაელმა რაფაჰის შესაძლო შტურმის დაწყების ვადა დაასახელა
ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა – ბენი განცმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ჰამასი” ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს, ისრაელი რაფაჰის შტურმს 10 მარტს დაიწყებს.
ისრაელმა შტურმის შესაძლო ვადის დაწყების კონკრეტული თარიღი პირველად დაასახელა. ცნობილია, რომ რაფაჰში, რომელიც ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარეობს, დაახლოებით 1,5 მილიონი პალესტინელი იმყოფება.
როგორც ბენი განცმა თქვა, ”მსოფლიომ უნდა იცოდეს და “ჰამასის” ლიდერებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ჩვენი მძევლები რამადანისთვის სახლში არ დაბრუნდებიან, ბრძოლა ყველგან გაგრძელდება, მათ შორის, რაფაჰის რაიონში.”
ისლამური მარხვის წმინდა თვე – რამადანი წელს 10 მარტს იწყება.
განცმა დასძინა, რომ ისრაელი იმოქმედებს „კოორდინირებულად, ჩვენს ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან დიალოგში, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“.