ზელენსკიმ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ უმაღლესი რადას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
კანონის ბარათში აღნიშნულია, რომ ის არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობისთვის.
გასული წლის 28 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა რადას განუცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება გონებრივი და ფიზიკური რეაბილიტაციის სფეროს განვითარება, რისთვისაც დეპუტატებს სამედიცინო კანაფის ლეგალიზებისკენ მოუწოდა.
„მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკა, გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა რთული ან უჩვეულო იყოს, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინაში, რათა უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მოუწიოს ომის ტკივილის, სტრესის და ტრავმის ატანა, კერძოდ, ჩვენ საბოლოოდ უნდა დავაკანონოთ კანაფის შემცველი მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას.
2023 წლის ივლისში უკრაინის უმაღლესმა რადამ სამთავრობო კანონპროექტს სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.