ფილიპ ნუაზეტის და რიჩარდ შეხნერის წიგნების წარდგენა გაიმართება

15 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება ფილიპ ნუაზეტის „ცეკვა თანამედროვე“ და რიჩარდ შეხნერის „გარემოს თეატრის“ წიგნის წარდგენა.

ფილიპ ნუაზეტი – „ცეკვა თანამედროვე”
იმისათვის, რომ დაამსხვრიოს დაწესებული ჩარჩოები, თანამედროვე ცეკვა გამოდის თეატრის შენობიდან.
ცათამბჯენის სახურავი, აეროპორტის საფრენი ბილიკი, აუზი და ფეხბურთის მოედანი, მიტოვებული ქარხანა ან ყველაზე მოდური გალერეა, მწვანე ველი თუ მაღარო, მუზეუმი ან შენობის ფასადი, სენის სანაპირო თუ ტიულრის ბაღი, საციგურაო მოედანი ან ცირკი, ეს ყოველივე ცეკვას მის შემქმნელთათვის უფრო გაბედულს ხდის.
დღეს, შესაძლოა ვიღაცის გონებაში დაიბადოს მთვარეზე პადედეს იდეა, კომბინეზონითა და სკაფანდარით! ან რანდევუ-ცეკვა წყალქვეშ…
მნიშვნელოვანია არა იმის ცოდნა, რომ ეს გამოვა, არამედ იმის რწმენა, რომ არ კმარა! თანამედროვე ცეკვას დღეს ყველაზე მეტად ესადაგება სერგეი დიაგილევის მიმართ ჟან კოქტოს ცნობილი ფრაზა: „გამაოცე!”.
თარგმანი: ვალერი ოთხოზორია;
რედაქტორები: მარინე (მაკა ვასაძე), ლაშა ჩხარტიშვილი;
კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკატერინე ოქროპირიძე;
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

რიჩარდ შეხნერი – „გარემოს თეატრი“
„არსებობს რეალური, ცოცხალი კავშირი სხეულის სხვადასხვა წერტილსა და იმ სივრცეს შორის, რომელშიც სხეული გადაადგილდება;
ადამიანის ცოცხალი ქსოვილი კანით არ შემოიფარგლება. სივრცესთან დაკავშირებული სავარჯიშოები ეყრდნობა დებულებას, რომ სივრცეც ისევე ცოცხალია, როგორც ადამიანი”.
რიჩარდ შეხნერი გახლავთ თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი უპირველესი რეჟისორი, თეორეტიკოსი და მოაზროვნე, რომელიც იკვლევს კომპლექსურ ურთიერთკავშირს თეატრსა და ცეკვას, ანთროპოლოგიას, ეთნოლოგიას, რიტუალს, თამაშს, ფსიქოთერაპიასა და შამანიზმს შორის.
„გარემოს თეატრი“ (Environmental Theater) მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორიული ნაშრომია. წიგნი პირველად 1973 წელს გამოიცა. მდიდარ თეორიულ ნააზრევთან ერთად, მასში მოცემულია მსახიობის წვრთნის ტექნიკის სავარჯიშოები, რომელიც თავის დროზე მიჩნეული იყო როგორც რევოლუციური, ხოლო დღეს ითვლება მსახიობის მომზადების/აღზრდის ერთ-ერთ კლასიკურ ტექნიკად. შეხნერის ნამუშევარი მოთავსებულია მდიდარ თეორიულ ჩარჩოში, როგორც მეიერჰოლდის, ბრეხტის, გროტოვსკის ტრადიციებში, ასევე ძლიერ არადასავლურ საშემსრულებლო ჟანრებში. აღნიშნული უახლესი გადამუშავებული გამოცემა (2000, 1 მაისი) თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებულ ახალ თაობას სთავაზობს რიჩარდ შეხნერისეულ „თეატრალურ სახარებას“, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის თეატრზე.
მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე; რედაქტორები: მარინე (მაკა) ვასაძე ანა კვინიკაძე;
კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკატერინე ოქროპირიძე;
საგამომცემლო პროექტის ავტორი: ანა კვინიკაძე;
წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.

მის: რუსთაველის გამზ. №19.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები