გოჩა კაპანაძე შანხაის „არტთეატრში” შექსპირის „ჰამლეტის” დასადგმელად მიიწვიეს

სულ მალე ქართული სათეატრო რეჟისურის უცხოეთში კიდევ ერთი თვალსაჩინო აღიარების მოწმე გავხდებით – 16, 17 მარტს მსოფლიოს უდიდეს ქალაქში, შანხაიში (ჩინეთი) კერძოდ „არტთეატრში”, რომელიც FANCL Arts Center-ის შენობაში არის განთავსებული. იგი 2001 წელს დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში შანხაიში მოქმედ ასზე მეტ თეატრს შორის თავისი გამოკვეთილი ნიშა დაიმკვიდრა. ჩინეთის ყველაზე კოსმოპოლიტურ ქალაქში, რომელიც კულტურათა გადაკვეთის რამდენიმე საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ეროვნულ თეატრთან ერთად სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ევროპული ყაიდის თეატრსა და დასავლურ რეპერტუარზე.
ორი ათეული წლის განმავლობაში შანხაის “არტთეატრში” ათობით ცნობილმა ევროპელმა რეჟისორმა განახორციელა თავისი პროექტები შანხაელ მსახიობებთან ერთად. ბევრი ევროპული დასიც გამოსულა თავისი სპექტაკლებით ამ სცენაზე. გოჩა კაპანაძე იქნება პირველი ქართველი რეჟისორი, რომელიც „ჰამლეტის” დასადგმელად მიიწვიეს ინგლისურენოვან წარმოდგენაში, იგი რამდენიმე კვირაა, რაც იმყოფება შანხაიში, სადაც გაიმართა კასტინგი როლებზე დასამტკიცებლად და უკვე აირჩიეს მსახიობები. სცენოგრაფიის ავტორი ქართველი მხატვარი ლომგულ მურუსიძე იქნება, კოსტიუმებს კი ქეთი ციციშვილი შექმნის.
ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა ქართველი მსახიობი თემო ძოწენიძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია ჩინეთში ცხოვრობს. სწორედ მისი ინიციატივითა და ჩინელი პროდიუსერების დაინტერესებით შედგა აღნიშნული პროექტი.
გოჩა კაპანაძეს „ჰამლეტთან” ოცდაათ წელზე მეტი ხნის ურთიერთობა აკავშირებს როგორც მსახიობს. გიზო ჟორდანიას სპექტაკლში რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე იგი პოლონიუსს და პირველ მესაფლავეს განასახიერებდა, შემდეგ კი “თეატრალურ სარდაფში” ავთო ვარსიმაშვილის „ჰამლეტში“ მთავარი
როლით გამოიჩინა თავი.
ამ უნიჭიერეს მსახიობს სწორედ „ჰამლეტის” შემდეგ გაუჩნდა სურვილი, დაუფლებოდა რეჟისორის პროფესიას. მან გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით გაიარა სარეჟისორო პრაქტიკა და მას შემდეგ არ გაჩერებულა. იქცა ქართული თეატრის ყველაზე ნაყოფიერ და მოუღლელ რეჟისორად, რომელიც აკადემიური თეატრების გარდა, რეგიონულ თეატრებშიც სიამოვნებით დგამს სპექტაკლებს. ბოლო ათი წელიწადია იგი არის ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ყოველ სეზონში იგი რამდენიმე სპექტაკლს უშვებს დევნილი თეატრის დასთან ერთად და მერე მთელ საქართველოში დადის თავისი სპექტაკლებით. მან ბოლო წლებში ყაზახეთისა და ინდოეთის თეატრალურ ფესტივალებზეც ჩაიყვანა თავისი დასი, საიდანაც პრიზებით და პრემიებით ხელდამშვენებული დაბრუნდა.
ამჯერად კი მან შანხაის „არტთეატრში” უნდა წარმოაჩინოს ქართული თეატრალური რეჟისურა. ჯერ ერთ თვეზე მეტია დარჩენილი პრემიერამდე, გოჩა კაპანაძე ზედმიწევნით კარგად იცნობს ამ პიესას და თუ ადრე ინდივიდუალურ როლებზე უწევდა მუშაობა და ფიქრი, ახლა მთელი სპექტაკლის ფერი, ტემპორიტმი და ატმოსფერო უნდა შექმნას. არ არის იოლი მისია, მაგრამ მას მხარს უმაგრებს ნიჭი და გამოცდილება, რომ უცხო დასთანაც ღირებული სანახაობა შექმნას. ახლა უკვე ინტერნაციონალური მაყურებელი იქნება მისი ოსტატობის შემფასებელი და ეს ერთიორად ზრდის მის პასუხისმგებლობას, მან ხომ ქართული სარეჟისორო სკოლის ღირსება და კლასი უნდა წარმოაჩინოს? თანაც შექსპირით. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ იგი დათანხმდა, რადგან აქვს სათქმელი მაყურებლისთვის. ახლა გაცილებით ფართო აუდიტორია ხდება მისი შემფასებელი და მას გულით სწადია ამ გამოწვევის საკუთარ თავზე აღება.
მისი ჩინებული სპექტაკლები რუსთაველის, ცხინვალის, სოხუმის, რუსთავის, ზუგდიდის, ოზურგეთის და სხვა თეატრების სცენებზე, იმის მტკიცე საფუძველს მიქმნის, რომ გოჩა კაპანაძემ სწორედ “ჰამლეტით” უნდა გამოძერწოს თავისი საგვირგვინო სცენური თხზულება. იგი ბუნებრივად მოვიდა ამ მდგომარეობამდე. მჯერა, იგი ქართული თეატრის სახელს გააბრწყინებს და რობერტ სტურუას იმ გახმაურებულ გამარჯვებებს გაგვახსენებს, ჩემს ახალგაზრდობაში რომ გვაამაყებდა.
ჩემი ტექსტის ფინალში კი ერთი ძალიან მნიშვნელოვან, ქართული თეატრისთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტ ამბავს უნდა შევეხო.
საქმე ეხება რუსთაველის თეატრს, მის დღევანდელ მდგომარეობას და მომავალ სეზონებს. რობერტ სტურუა რომ ქართული თეატრის უპირველესი ავტორიტეტია, ამას მტკიცება არ სჭირდება. განა შეიძლება მისმა სრულიად უნიკალურმა ფენომენმა სიამაყის გრძნობით არ აგავსოს და მადლიერება არ გაგიჩინოს, რომ მის თანამედროვე ეპოქაში იცხოვრე! ჩვენ ძალიან საინტერესო პროფესიული ურთიერთობა გვქონდა წლების განმავლობაში და ჩემში ვერაფერი ჩააქრობს სტურუას მიმართ სამუდამო აღტაცებას და კეთილგანწყობას. ამიტომ მინდა ვკითხო ქართული სახიობის მთავარ გურუს და ჩვენს ცოცხალ განძს, რომლის სიმაღლეც დღემდე მიუწვდომელია ქართულ თეატრში, რას ფიქრობს მის ხვალინდელ დღეზე? დარწმუნებული ვარ, მას ყველაზე მეტად აწუხებს ამ თეატრის ბედი და შეუძლებელია, არ ეძებდეს იმ სანდო საყრდენს, ვისაც გადაანდობს და დამშვიდებით გადაულოცავს თავის საჭეს.
რუსთაველის თეატრი ხომ ურთულესი ორგანიზმია და მისი გაძღოლა პროფესიონალიზმთან ერთად მოითხოვს სხვა თვისებებს, რაც თეატრს კიდევ უფრო შეადუღაბებს. ამიტომ ისეთი მემკვიდრეა საჭირო, ვინც ძირისძირობამდე იცნობს კონკრეტულად რუსთაველის თეატრს, უმუშავია მათ წიაღში, ბევრი აგური დაუდვია მის სამსახურში და ეს ჭერი ისეთი წრფელი გულით უყვარს, როგორც უმცროს შვილს მეფე ლირი.
რადგან გვეფიქრება რუსთაველის თეატრზე და ვერ შევეგუებით მის დაძაბუნებას, ამიტომ ფრთხილად და გონივრულად უნდა განვსაჯოთ თუ ვინ იმსახურებს წამოიკიდოს მისი გაძღოლის ტვირთი? ეს საქვეყნო პრესტიჟის საქმეა და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ აზრის ფორმირებაში. რუსთაველის თეატრს არ ეკადრება აქ მოვიდეს შემთხვევითი ლიდერი და მჯერა, ამის თაობაზე ყველაზე მეტად თვით ბატონ რობერტ სტურუას ეფიქრება. ღმერთმა მტკიცედ და შეუპოვრად ამყოფოს, ის ბოლომდე თავის თეატრში უნდა დარჩეს, პატივგებით და განსაკუთრებული ზრუნვით გარემოცული, მაგრამ ამასთან უნდა დავიგულოთ სანდო შემცვლელი, ვინც ამ თეატრის მაგისტრალურ ხაზს შეინარჩუნებს და უცხო სხეულივით არ იქნება მის კედლებში. ასეთად კი გოჩა კაპანაძეს ვხედავ, ადამიანს, ვისაც ყველაზე კარგად ესმის რობერტ სტურუას ფასი და მის ღირებულებების ერთგულ დამცველად დარჩება!

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები