პუტინი მიანიშნებს, რომ რუსეთის ციხეში მყოფი, WSJ-ს ჟურნალისტი შესაძლოა, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელზე – ვადიმ კრასიკოვზე გაცვალონ
“ფოქს ნიუსის” ყოფილმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ორსაათიანი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, დაინტერესდა, ხომ არ მოხდება “კეთილი ნების ჟესტის” სახით The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის – ევან გერშკოვიჩის გათავისუფლება, რომელიც უკვე ერთი წელია, რუსეთის ციხეში იმყოფება.
„არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ბატონი გერშკოვიჩი, შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას. საბოლოოდ, რუსეთის ციხეში მის დაკავებას აზრი არ აქვს. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა იფიქრონ, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ჩვენი სპეცსამსახურების მიზნების შესრულებაში. მზად ვართ დიალოგისთვის. მეტიც, დიალოგი მიმდინარეობს და ასეთი დიალოგის ბევრი წარმატებული მაგალითი იყო. სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ”, – თქვა პუტინმა.
მან მიანიშნა, თუ როგორი იქნება რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესი და გაიხსენა კაცი, რომელიც „აშშ-ის მოკავშირე ქვეყანაში სასჯელს იხდის“.
”ამ ადამიანმა პატრიოტული მოტივით ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ბანდიტი გაანადგურა”, – თქვა პუტინმა.
კრემლის ლიდერი ვადიმ კრასიკოვს (იგივე ვადიმ სოკოლოვს) გულისხმობს, რომელმაც 2019 წელს ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.