სერგო ქობულაძის დაბადებიდან 115 წელი გავიდა
საქართველოს სახალხო მხატვრის, სერგო ქობულაძის, დაბადებიდან 115 წელი გავიდა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს სერგო ქობულაძის ხსოვნასა და განუზომელ ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებაში.
სერგო ქობულაძე დაიბადა 1909 წლის 7 თებერვალს ახალციხეში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1930 წლიდან სისტემატურად იღებდა მონაწილეობას საკავშირო და რესპუბლიკურ გამოფენებში. თავისი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე სერგო ქობულაძე წიგნის მხატვრული გაფორმებით იყო გატაცებული. მის ამ გატაცებას ბიძგი მისცა 1934 წელს გამოცხადებულმა კონკურსმა, რომლის მიზანი 1937 წელს შოთა რუსთაველის 750 წლის საიუბილეოდ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებულად გამოცემა გახლდათ. სერგო ქობულაძის მიერ შექმნილი აღნიშნული ილუსტრაციები დღესაც საეტაპო მნიშვნელობისაა. 1930-40-იან წლებში მის მიერ წიგნებისთვის შექმნილი ნამუშევრები გასაფორმებლად შერჩეული ნაწარმოებების კლასიკურ ხასიათს ესადაგება. ნახატები უზადო ოსტატობისა და სრულყოფილების ნიმუშებია. მხატვრის ძლიერი ხელი ფიგურათა მკვრივ ფორმებს გამოკვეთს და მონუმენტურ კომპოზიციებს ქმნის.
1930-1932 წლებში სერგო ქობულაძის მოღვაწეობა ასევე მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან. მან გააფორმა მრავალი სპექტაკლი თბილისის, მოსკოვისა და ლენინგრადის სხვადასხვა თეატრში, მათ შორის – მოსკოვის დიდ თეატრში, თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, რუსთაველის სახელობის თეატრში და ა.შ. 1932 წლიდან კი მხატვარი თავის შემოქმედებას კოტე მარჯანიშვილის თეატრს უკავშირებს.
1939 წ. – სერგო ქობულაძემ პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდგომში პროფესორი, აკადემიკოსი, ხატვის კათედრის ხელმძღვანელი და გარკვეული ხნის მანძილზე რექტორიც იყო.
სერგო ქობულაძე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა იტალიური რენესანსის ეპოქის ხელოვნების მიმართ. მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი) შესრულებულ გრაფიკულ თუ ფერწერულ ნამუშევრებში კლასიკოსი მხატვრის ხელწერა იკითხება. სიცოცხლის ბოლოს მან დაწერა თეორიული ნაშრომი „ოქროს კვეთის“ შესახებ, რომელშიც თავი მოუყარა წლების მანძილზე წარმოებული კვლევის შედეგებს.
სერგო ქობულაძე სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, ფერმწერი, გრაფიკოსი და თეატრის მხატვარია.
1960 წელს მხატვარმა შექმნა ისტორიული ფარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის, რომელშიც მან მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა. ეს უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი 1973 წლის 9 მაისს გაჩენილი ხანძრის დროს განადგურდა. 2015 წელს კულტურის სამინისტროს ინიციატივით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი დაიკიდა, 2016 წელს კი, მხატვრის საიუბილეო წლის აღსანიშნავად, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, სსიპ გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევის ცენტრმა გამოსცა წიგნი „უცნობი სერგო ქობულაძე“.