ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 170 წელი გავიდა
დიდი ქართველი მოღვაწის – ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 170 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს ივანე მაჩაბლის განსაკუთრებულ ღვაწლსა და უკვდავ სახელს.
„აუცილებელი არ არის თარიღების ტრადიციული გადმოწერა, რადგან ივანე მაჩაბლის ბიოგრაფია ბიოგრაფიაზე მეტია, სიცოცხლითაც და სიკვდილითაც სამშობლოს ბედზე გადაჯაჭვული. ბაბუა, სვიმონ მაჩაბელი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე იყო, მამა, გიორგი მაჩაბელი – გაღატაკებული თავადი.
დაიბადა სამაჩაბლოში, სოფელ თამარაშენში.
ისწავლა თბილისის გიმნაზიაში, პეტერბურგისა და სორბონის უნივერსიტეტებში, ოპენჰაიმის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში.
1873 წელს სწორედ პეტერბურგში შეხვდა ბანკის საქმეებზე ჩასულ ილია ჭავჭავაძეს.
იქ ერთად დაიწყეს „მეფე ლირის“ თარგმნა. შემდეგ სამშობლოში ერთად იღვაწეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, „ივერიის“ რედაქციაში, საადგილმამულო ბანკში…
საქართველოს დიდი მეგობარი ოლივერ უორდროპი აღტაცებული წერდა: „ი. მაჩაბელი, მართალია, 30 წლისაა მხოლოდ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძის შემდეგ ერთადერთია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს თავის თანამემამულეებში“.
საზოგადო მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესია. ერთ მამულიშვილს ესეც ეყოფოდა, მაგრამ ივანე მაჩაბლის სახელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაინც მისი მთარგნელობითი ღვაწლი სძენს. აქ იგულისხმება ერთმანეთის მიყოლებით თარგმნილი შექსპირის პიესები: „ჰამლეტი“, „ოტელო“, „მაკბეტი“, „რიჩარდ მესამე“, „იულიუს კეისარი“, „ანტონიუსი და კლეოპატრა“, „კორიოლანოსი“.
ამ თარგმანებით, ილიასთან ერთად, იგი ახალი ქართული სალიტერატურო ენის ფუძემდებლად იქცა.
საუბედუროდ, მათი გზებიც გაიყო. ესეც საქართველოს ბედისწერის ერთ-ერთი გამოხატულებაა, ისევე, როგორც ივანე მაჩაბლის იდუმალებით მოცული გაუჩინარება.
შეუძლებელია, გულგრილად წავიკითხოთ თედო სახოკიას ეს სტრიქონები: „უდროოდ ხელიდან გამოგვეცალა ადამიანი, რომლის გული მთელი თვისის არსებით სძგერდა თვისის ხალხის, თვისის ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ადამიანი, სავსებით მომზადებული, აღჭურვილი ნიჭით, შეგნებით ამ ქვეყნის სამსახურისთვის, ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა და უმეტესის გაკეთება შეეძლო…“
გვჯერა, ილიასავით და მასთან ერთად საქართველოს თანამდევი უკვდავი სული მაინც შეძლებს „უმეტესის გაკეთებას“, რითაც ჩვენს სამშობლოს დროებით ჩამოშორებული სამაჩაბლო დაუბრუნდება და ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმიც ფერფლიდან აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.