მიხეილ ჭიაურელის დაბადებიდან 130 წელი გავიდა

სახელგანთქმული ქართველი ხელოვანის, გენიალური კინორეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის, დაბადებიდან 130 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს მიხეილ ჭიაურელის ხსოვნასა და ქართული და მსოფლიო კულტურის განვითარებაში შეტანილ მის უდიდეს წვლილს.
მიხეილ ჭიაურელი დაიბადა 1894 წლის 6 თებერვალს თბილისში.
რკინიგზის სახელოსნო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 14 წლის ასაკიდან, თამაშობდა თბილისის სახალხო თეატრის სცენაზე (შეასრულა 60-ამდე როლი). 1921 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ქანდაკების კურსი. იმავე წელს შედგა მისი სამსახიობო დებიუტი კინოში – ივანე პერესტიანმა ფილმში „არსენა ჯორჯიაშვილი“ მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვია. ითამაშა ოსმან-აღას როლი მისივე ფილმში „სურამის ციხე“; მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ნათელა“ (ჯონდო, რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი, 1926,), „ხანუმა“ (საქო, რეჟ. ა. წუწუნავა, 1926).
1922-1924 წლებში მიხეილ ჭიაურელი საბჭოთა მთავრობის მიერ მივლინებული იყო გერმანიაში, სწავლობდა დრეზდენის ქანდაკების სახელოსნოში, ეცნობოდა გერმანულ თეატრსა და კინოს. გერმანიიდან დაბრუნებულმა შექმნა ლენინის პირველი ქანდაკება საქართველოში.
კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა დამდგმელ მხატვრად ფილმზე „სამანიშვილის დედინაცვალი“ (ს. გუბინ-გუნთან ერთად, 1926). იყო „კორპორაციული თეატრის“ (შემდგომ – მუსკომედიის თეატრის) სამხატვრო ხელმძღვანელი (1927-1942).
მ. ჭიაურელის სარეჟისორო დებიუტია „პირველი კორნეტი სტრეშნიოვი“ (ე. ძიგანთან ერთად, 1928). დამოუკიდებლად დადგა „უკანასკნელ საათს“ (ორივე – რუსეთის სამოქალაქო ომის თემაზე). მ. ჭიაურელის შემოქმედებითი შესაძლებლობები მკაფიოდ გამოვლინდა ფილმებში „საბა“ (1929 წ. – ყოფითი პრობლემების აგიტპროპაგანდისტული ფილმი) და „ხაბარდა“ (1931 წ. – „წარსულის გადმონაშთების“ მამხილებელი სატირა), რომელთა მხატვრულ გადაწყვეტაში ქართული პლასტიკური ხელოვნების ტრადიციებზე, საბჭოთა პლაკატის ესთეტიკასა და რუსული კინოავანგარდის გამოცდილებაზე დაყრდნობით მიმართა თამამ ექსპერიმენტებს, გააფართოვა კინემატოგრაფის გამომსახველობითი შესაძლებლობები.
ინტელექტუალურ მონტაჟს, სიმბოლოსა და მეტაფორებს მიმართა 1934 წელს გადაღებულ თავის პირველ ხმოვან ფილმში „უკანასკნელი მასკარადი“ (1918-1920 წლების საქართველოს ისტორიული ამბები), სადაც თხრობა ტიპიზაციის ეპიკურ-ჰეროიკული და სატირული ხერხების დაპირისპირებაზე ააგო. 1930-40-იან წლებში მიმართა ქართულ ფოლკლორს და საქართველოს ისტორიას, გადაიღო ფილმები „არსენა“ (1937) და „გიორგი სააკაძე“ (1943-1944; სტალინური პრემია), რომლებშიც სრულყოფილად გამოვლინდა რეჟისორის პროფესიული ოსტატობა და შემოქმედებითი ტემპერამენტი.
მ. ჭიაურელის ხელწერისათვის დამახასიათებელი მონუმენტალიზმი და ეპიკური ფორმებისკენ მიდრეკილება საუკეთესო აღმოჩნდა სტალინური ეპოქის ესთეტიკის ეკრანული ხორცშესხმისთვის.
მისი „სტალინიანა“ – ფილმები „დიადი განთიადი“ (1932 წ.; სტალინური პრემია, 1941 წ.), „ფიცი“ (1946 წ.; ვენეციის მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს მედალი, 1946 წ.; სტალინური პრემია, 1947წ.), „ბერლინის დაცემა“ (1949 წ.;კარლოვი ვარის მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი, სტალინური პრემია, 1950 წ.), „დაუვიწყარი 1919“ (1951) – კინოს ისტორიაში შევიდა სტალინის ეპოქის კინომითოლოგიის კლასიკურ ნიმუშად. სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953-1956 წლებში, მუშაობდა სვერდლოვსკის კინოსტუდიაში.
საქართველოში დაბრუნებულმა „ქართულ ფილმში“ გადაიღო „ოთარაანთ ქვრივი“ (ი. ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, 1957), „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (1960), „გენერალი და ზიზილები“ (1963). მხატვრულ კინემატოგრაფში მოღვაწეობა დაასრულა კინოკომედიით „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, 1964) და დემონსტრაციულად გადაინაცვლა ანიმაციურ კინოში. გადაიღო ნახატი ფილმები: „განთიადის მომღერალი“ (1967), „როგორ მარხავდნენ თაგვები კატას“ (1969), „ქირურგი მამალი“ (1970), „რწყილი და ჭიანჭველა“ (გ. სვანიძესთან ერთად, 1972), „მოხერხებული კურდღელი“ (1973), „სახლი“ (ო. ანდრონიკაშვილთან ერთად, 1974) და სხვა.
მიხეილ ჭიაურელი იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1943), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948), სტალინური პრემიის 6-გზის ლაურეატი (1941 წელს – 2-ჯერ და 1943, 1946, 1947, 1950 წლებში), ჩეხოსლოვაკიის „თეთრი ლომის” II ხარისხის ორდენის კავალერი.
პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში (ВГИК).
მიხეილ ჭიაურელი გარდაიცვალა 1974 წლის 31 ოქტომბერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები