“აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ” – აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩს “არუა” წერილით მიმართავს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის სახელზე ადგილობრივი საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ წერილი წერილზე იგზავნება, თუმცა, ე.წ. დიპლომატიური მისია, ისევე, როგორც დე ფაქტო ხელისუფლება, ფსოუზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დუმს.
კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვეა და განსაკუთრებით, იანვრის ბოლოდან ე.წ.საზღვარზე რუსი მესაზღვრეები “აფხაზეთის მოქალაქეებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს”, რამდენიმესაათიან გამოკითხვას უტარებენ.
ე.წ.დიპლომატიურ მისიას, ამჯერად, პარტია “არუა” მიმართავს.
“ჩვენ, 1992-1993 წლების აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ვეტერანები ძალიან ვაფასებთ და ჩვენთვის ძვირფასია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და ძმური ურთიერთობა. მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციას 2008 წლის აგვისტოში ჩვენი სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერისა და აღიარებისთვის, ასევე, მუდმივი დახმარებისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში. ამავდროულად, ჩვენ შეშფოთებულები და აღშფოთებულები ვართ იმ ზოგიერთი პროცესით, რომელიც ბოლო თვეებში, რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარზე მიმდინარეობს. ვგულისხმობთ აფხაზეთის რესპუბლიკის ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების დაკავებებს და მათ ხანგრძლივ დაკითხვას.
ეს ფაქტი ჩვენში უკიდურეს აღშფოთებას და ბრაზს იწვევს, რადგან რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ქცევა ჩვენთვის გაუგებარია. მიგვაჩნია, რომ ის არის მიკერძოებული და დაუსაბუთებელი. აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უფლებების დარღვევა მიუღებელია და ეს აზიანებს ჩვენს ძმურ ურთიერთობებს. თქვენი კომპეტენციის მიმართ იმედს გამოვთქვამთ და ველოდებით შესაბამის რეაქციას რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ამ ქმედებებზე.
1992-1993 წლების აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ვეტერანთა რესპუბლიკურ საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუა”, ისევე, როგორც მთელი აფხაზეთის რესპუბლიკა, მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციას უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში. ჩვენ ვუგზავნით ჰუმანიტარულ დახმარებას ოპერაციაში ჩართულ მებრძოლებს, “არუას” უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრი, პირველივე დღეებიდან მოხალისედ, იბრძოდა დონბასის დამცველთა რიგებში, ისევე, როგორც ბევრი ჩვენი მოქალაქე. ეს ყველაფერი ჩვენი ხალხების ძმობასა და მეგობრობაზე მეტყველებს. ვიმედოვნებთ, რომ, თქვენი დახმარებით, მდინარე ფსოუს გასწვრივ მეგობარ სახელმწიფოებს შორის არსებული ვითარება დაუბრუნდება ძველ რეჟიმს”, – ნათქვამია მიმართვაში.