ეროვნულ გალერეაში ქანდაკების განახლებული გამოფენა გაიხსნება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ქანდაკების გამოფენა იხსნება, რომელიც მოიცავს ნამუშევრებს როგორც ეროვნული მუზეუმის ახალშეძენილ ქანდაკებათა კოლექციიდან, ასევე ეროვნული მუზეუმის საქანდაკო ფონდებიდან.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიცია მცირე ფორმატში წარმოაჩენს ქართული მრგვალი ქანდაკების ძირითად ვიზუალურ მახასიათებლებს, მის 100-წლიან ისტორიას.
„წარმოდგენილი იქნება ქართული მრგვალი ქანდაკების ფუძემდებლების – იაკობ ნიკოლაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის – თითო ქანდაკება. დიდმა ხელოვანებმა შექმნეს თანამედროვე ქართული ქანდაკების სკოლა და საფუძველი ჩაუყარეს ამ დარგში ორ განსხვავებულ შემოქმედებით მეთოდს.
აღსანიშნავია, რომ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ასპარეზზე გამოდიან მოქანდაკეები, რომლებმაც თვისობრივად შეცვალეს ქართული ქანდაკება. ამ თაობიდან გამოვყავით კარლო გრიგოლიას ხაზი. გამოფენილი იქნება კარლო გრიგოლიას ორი ქანდაკება. პირველად გამოიფინება მისი „აბსტრაქტული კომპოზიცია“.
ასევე ექსპონირებული იქნება 70-იან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული მოქანდაკეების – ვაჟა მელიქიშვილისა და რუსუდან გაჩეჩილაძის – ნამუშევრები. პირველის შემთხვევაში მატერიალურისაგან განყენებულის, ტრანსცენდენტური აზროვნების ვიზუალიზაციას ვხედავთ; ხოლო მეორესთან მაგიური არტეფაქტები გვნუსხავს, სადაც თაბაშირის შუალედური მატრიცა დაფერვის გზით საბოლოო მასალად იქცევა.
დამთვალიერებლისთვის აღმოჩენა იქნება 70-იანი წლების ხელოვანის, სიმონ გირკელიძის, ორი ნამუშევარიც. მათ შორის საბჭოთა ძაღლი, რომელიც მაწანწალა ძუს გამოსახავს და ირონიულ კონოტაციებს შეიცავს საბჭოთა ეკონომიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საბჭოთა პერიოდში ის არ გამოფენილა.
დამთვალიერებელი იხილავს ასევე ორი თანამედროვე ავტორის – როკო ირემაშვილისა და ლევან ყიფშიძის – სკულპტურებსაც, რომელთა ნამუშევრები უკვე გარკვეული პერიოდია გალერეის სივრცეშია ექსპონირებული.
უახლოეს მომავალში ქანდაკების აღნიშნულ კოლექციას დაემატება თამარ აბაკელიას საკულტო ნამუშევარი „შურს ვიძიებთ“, რომლის თანამედროვე მასალაში ჩამოსხმის პროცესი მიმდინარეობს. ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უდიდესი ქართველი მოქანდაკის მონაწილეობა გამოფენაში, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა უდავოდ მეტ ყურადღებას იმსახურებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო რამდენიმე მოქანდაკის პერსონალური გამოფენა, რომელთაც ფართო საზოგადოებას გააცნეს მხოლოდ ვიწრო სპეციალისტთა წრეში დაფასებულ უმნიშვნელოვანეს ხელოვანთა შემოქმედება.
ეროვნული გალერეა მომდევნო გამოფენებში პლასტიკური ფორმის განვითარებისა და ტრანსფორმაციის სხვა ვერსიებსაც შესთავაზებს საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენის დათვალიერება 7 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები