“აქ ქართული ფაქტორიც შეიძლება, იყოს, ეს ხელს აძლევს ქართულ პროპაგანდისტულ მანქანას” – ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ.მინისტრი ფსოუზე აფხაზების გამოკითხვაზე

ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე, ყოფილი ე.წ. მაღალჩინოსანი ასლან კობახია არ გამორიცხავს, რომ ფსოუზე “აფხაზეთის მოქალაქეების მრავალსაათიანი დაკითხვა, საქართველოს ინტერესებში ხდებოდეს”.

მისი თქმით, ამ გზით “აფხაზეთის ახალგაზრდობამ, შესაძლოა, უარი თქვა რუსეთში ჩასვლაზე, თუ გაემგზავროს საქართველოში”.

ამის შესახებ მან “ეხო კავკაზას” უთხრა.

„2017 წელს ფსოუს საგუშაგოზე ამჟამინდელი პრეზიდენტი ბჟანია ასლან გეორგიევიჩი დააკავეს. მაშინაც დადიოდა ხმები, რომ აფხაზეთის ხელისუფლების მიერ იყო ჩადენილი. მაშინ, ვიცე – პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. დაიბარეს რუსეთის ფედერაციის ელჩი, გამოითქვა მკაცრი პროტესტი… და დღეს, ზოგადად, ვერ ვხვდები, ვინ როგორ მოქმედებს… მაშინ, საკითხი ერთ დღეში მოგვარდა, და ასეთი უმსგავსობა გამშვებ პუნქტზე აღარ მომხდარა. მაგრამ, ბოლო თვეებია სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებ ინფორმაციას, რომ ასეთი რაღაც ხდება. თუ მოქალაქის მიმართ არსებობს კითხვები, ეს ერთია, მაგრამ, ასეთი საუბრები – ხულიგნობაა. ასეთი რამე არცერთ საგუშაგოზე არ ხდება”,- ამბობს კობახია.

მისი თქმით, როგორც ჩანს რუსეთის უშიშროების ზოგიერთ ჩინოვნიკს, “ჩვენების თხოვნით, ან არა”, სურს “ჩვენს მოქალაქეებთან “მეგობრული“ საუბარი”.

„მე მიმაჩნია, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლებას აქვს კითხვები აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ, არსებობს მრავალი სტრუქტურა, დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით და დამთავრებული, საგარეო საქმეთა სამინისტროთი და სხვებით, და ასეთი კითხვები აქ, აფხაზეთში უნდა დაისვას. თუ ასეთი კითხვები არ არსებობს, თუ ამაში ჩვენი სამთავრობო ორგანოები არ არიან ჩართული, მაშინ ამ უმსგავსობაზე ღია რეაგირება უნდა მოეხდინათ, როგორი მეგობრულიც არ იყოს ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია. მაგრამ ვხედავ, რომ ჩვენი ხელისუფლება დუმს, მოქალაქეების ნაწილი აღშფოთებულია და ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ არ ვიცით, რა მიზნები და ამოცანებია დასახული. ვუშვებ იმასაც, რომ ამ საკითხში ქართული ფაქტორიც იყოს. რატომაც არა? ეს თამაში ქართულ პროპაგანდისტულ მანქანას აძლევს ხელს. ამ გზით შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდობა რუსეთის ნაცვლად საქართველოში ჩავიდეს. აფხაზურ საზოგადოებას სურს დაივიწყოს ბლოკადა, რვაწლიანი ბლოკადა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ამ საგუშაგოზე – ფსოუზე გადაიტანა. ჩვენს ხალხს სურს დავიწყება, მაგრამ რუსული მხარე პერიოდულად ამის შეხსენებას ცდილობს. ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი სახელმწიფო ხელისუფლება უნდა გაერკვეს. სამწუხაროა, თუ ისინი თავად იღებენ ამაში მონაწილეობას. ამაზე მტკიცებულებების გარეშე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ამაზე ბევრი პოლიტიკოსი ამბობს”,- თქვა ასლან კობახიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები