უკრაინაში 207 სამხედრო დაბრუნდა – “ილ-76”-ის ჩამოვარდნის შემდეგ, ტყვეების პირველი გაცვლა შედგა
უკრაინაში კიდევ 207 სამხედრო ტყვე დაბრუნდა.
როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, დაბრუნებულ 207-ს შორის ყველა სამხედროა.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გაცვლა 195/195-ზე ფორმატში შედგა, თუმცა, უკრაინის საკოორდინაციო შტაბისთვის უცნობია, რატომ სახელდება განსხვავებული რიცხვი მაშინ, როდესაც 207 პირია დაბრუნებული.
ასევე, BBC-ის უკრაინის ხელისუფლებაში წყარომ განუცხადა, რომ დაბრუნებულთა შორის არ არიან ადამიანები, რომლებიც, თითქოს, “ილ-76″ თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს დაიღუპნენ.
თუმცა, როგორც წყარო აღნიშნავს, თუ ეს ადამიანები ცოცხლები არიან, უცნაური იქნებოდა, რუსეთს ისინი ახლა გაეცვალა. მისივე ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები ცოცხლები არიან, მათი დაბრუნება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხდება.
ტყვეთა გაცვლას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
„ჩვენი სახლები. 207 ბიჭი. ყველაფრის მიუხედავად, ვაბრუნებთ. ჩვენ გვახსოვს თითოეული და ყველა, ვინც ტყვეობაშია. მეომრები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. ვმუშაობთ ამაზე. ახლა უკრაინის გუნდის კიდევ ერთი კარგი სამუშაო ჩატარდა. ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიში, კლიმენკო – ყოჩაღ!”, – დაწერა ზელენსკიმ.