სახელგანთქმული კინოხელოვანის, რეჟისორისა და სცენარისტის, თენგიზ აბულაძის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა

მსოფლიოში სახელგანთქმული კინოხელოვანის, რეჟისორისა და სცენარისტის, თენგიზ აბულაძის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს თენგიზ აბულაძის ნათელ ხსოვნასა და განუზომელ ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებაში.
საქართველოსა (1967) და სსრკ-ის (1987) სახალხო არტისტი თენგიზ აბულაძე 1924 წლის 31 იანვარს ქუთაისში დაიბადა.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვისა და დ. ალექსიძის სახელოსნო, 1946) და ВГИК-ის (კონემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი) სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (ს. იუტკევიჩის სახელოსნო, 1953). შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო დოკუმენტური ფილმებით: „დიმიტრი არაყიშვილი“ (1952), „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954). ბოლო ორი ფილმი გადაიღო რევაზ ჩხეიძესთან ერთად.
1955 წელს ეკრანებზე გამოვიდა თენგიზ აბულაძისა და რევაზ ჩხეიძის კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი – მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით), რეალისტურად ასახული და პოეტურად გააზრებული ამბავი მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული სოფლის უბრალო მკვიდრთა ცხოვრებიდან, რომელმაც ფილმის ავტორებს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ამ ფილმის მთავარი თემა – დაუცველი სიკეთის კონფლიქტი თავდაჯერებულ, უხეშ ძალასთან ლაიტმოტივად მიჰყვება თ. აბულაძის შემოქმედებას.
ძალადობის, ტირანიის, ადამიანის ღირსების შელახვის წინააღმდეგ ხელოვანის პროტესტი განსაკუთრებული სიმძაფრით ვლინდება მის გენიალურ კინოტრილოგიაში, რომელიც შედგება ფილმებისგან – „ვედრება“ (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით, 1967), „ნატვრის ხე“ (გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით (1976) და „მონანიება“ (1984). ფილმში „ვედრება“ ასახვა ჰპოვა სიკეთისა და ბოროტების, პიროვნებისა და საზოგადოების, ხელოვანის პასუხისმგებლობის ზოგადსაკაცობრიო პრობლემების ავტორისეულმა განსჯამ. „ვედრება“ 1974 წელს დაჯილდოვდა მთავარი პრემიით – გრან-პრით სან-რემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ტრილოგიის მეორე ფილმი – „ნატვრის ხე“ 1977 წელს რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა მთავარი პრიზით და დიპლომით; 1977 წელს თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცა ჟიურის სპეციალური პრიზი „ოქროს ჯიხვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის, 1978 წელს – ჩეხოსლოვაკია-სსრკ-ის მეგობრობის საზოგადოების პრემია და კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, 1979 წელს კი, იტალიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე – პრემია დონატელოს „დავითი“. იმავე წელს ფილმს მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1983 წელს კი, კაბურის (საფრანგეთი) რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე, დაჯილდოვდა კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესით“.
ტრილოგიის მესამე ფილმში – „მონანიება“ – ფილოსოფიურად არის გააზრებული და განზოგადებული საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის გამოცდილება, ძალადობის პირისპირ დარჩენილი ადამიანის დრამა, ტირანისა და ხელოვანის, სიკეთისა და ბოროტების შეურიგებელი ბრძოლა. ფილმი კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა სამი პრიზით: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზით, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზით ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესით“; 1987 წელს ფილმს გადაეცა ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები. 1988 წელს „მონანიებას“, როგორც საუკეთესო საზღვარგარეთულ ფილმს, მიენიჭა იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია. 1988 წელს რეჟისორს ტრილოგიისათვის სსრკ-ის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – ლენინური პრემია მიენიჭა.
1958 წელს თენგიზ აბულაძემ გადაიღო დრამა „სხვისი შვილები“ (ნ. ალექსანდროვას საგაზეთო ნარკვევის მოტივების მიხედვით) – ლირიკული მოთხრობა ადამიანზე, მის სულიერ სიმდიდრესა და მორალურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც დრამატული კონფლიქტის პოლიფონიური ხედვით ახალი იყო ქართული კინოსთვის.
მომდევნო პერიოდის ფილმებში რეჟისორმა მარადიული ადამიანური ღირებულებების განსჯისათვის მიმართა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომელთა სამყარო ეროვნულ იუმორსა და ხალხურ სიბრძნეს ეფუძნება. გადაიღო ლირიკული კომედია „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით, 1962), რომელშიც ასახულია გურიის სოფლის მკვიდრთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროსა და მისი დამთავრების შემდეგ, აღწერილია გულწრფელი ადამიანური ურთიერთობების სილამაზე.
თენგიზ აბულაძემ თავგადასავლების მხიარული ზღაპრული სამყარო შექმნა ფილმ-იგავში „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“ (ახმედხან აბუბაქარის მოთხრობის – „ყელსაბამი ჩემი სერმინაზისათვის“ – მიხედვით, 1971).
თენგიზ აბულაძის ფილმები გამოირჩევა მაღალი კინემატოგრაფიული კულტურით. მისი სტილისთვის დამახასიათებელია გამომსახველობითი, პოეტური და, ამავე დროს, დოკუმენტურთან მიახლოებული პლასტიკური გადაწყვეტა, ფილოსოფიური მეტაფორებითა და იგავური სიუჟეტებით აზროვნება.
თენგიზ აბულაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული კინოხელოვნების განვითარებაში, გააფართოვა მისი ესთეტიკური ჰორიზონტი და ევროპის თვალსაჩინო კინოხელოვანთა შორის გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა.
თენგიზ აბულაძე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა რეჟისორთა სახელოსნოს თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე, იყო ევროპის კინოაკადემიის წევრი, ავსტრიის ხელოვნების აკადემიის საპატიო პროფესორი. მის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი – „თენგიზ აბულაძე – ნატვრის ხე“ (რეჟისორი ნ. ჯანელიძე, 2002 წ.).
ინფორმაციისთვის: გამოჩენილი ქართველი რეჟისორის – თენგიზ აბულაძის – დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად 28-31 იანვარს ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს რეტროსპექტივას წარუდგენს. კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება (დასწრება თავისუფალია).
პროექტის „თენგიზ აბულაძე – 100“ პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული არქივი.
მაყურებელი თენგიზ აბულაძის ფილმების აღდგენილ ვერსიებს ინგლისური სუბტიტრებით იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები