კარდენახში პატივი მიაგეს პოეტ მერი ბიწაძის ხსოვნას
გარდაცვალებიდან 18 წლის შემდეგ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა პატივი მიეგო პოეტ მერი ბიწაძის (1929-2006) ხსოვნისთვის. ბოლო ხანებამდე უყურადღებოდ იყო მიტოვებული მისი ლექსები და საფლავი. შარშან გამოიცა მისი კრებული „ჯვარცმული ლექსი” და ასევე კეთილმოეწყო პოეტისა და მოღვაწე ქალბატონის უკანასკნელი განსასვენებელი. მადლიერმა თანასოფლელებმა დავიწყების ნისლს გამოსტაცეს და გადაარჩინეს ბრწყინვალე პოეტისა და პიროვნების სახელი.
დღეს შესრულდა 18 წელი მერი ბიწაძის გარდაცვალებიდან. კარდენახის საჯარო სკოლას (დირექტორი მაკა ღლიღვაშვილი) არ გამორჩენია ეს თარიღი. მერი ბიწაძის უმცროსი მეგობრისა და მოწაფის, ამჯერად საჯარო სკოლის პედაგოგისა და კარდენახის სამუსიკო სკოლის დირექტორის ნინო კორკოტაშვილის ღვაწლი მაინც განსაკუთრებულია ამ კეთილშობილურ წამოწყებაში და მჯერა, ყოველი წლის 30 იანვარსა და 15 ოქტომბერს, პოეტის დაბადების და გარდაცვალების თარიღებში ასე გაგრძელდება.
დღეს კარდენახის სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პატივი მიაგეს პოეტ მერი ბიწაძის ხსოვნას, ისინი მივიდნენ, დაანთეს სანთლები და ყვავილებით შეამკეს თოვლით დაფარული საფლავი, რომელიც წლები ელოდა მისათუთებას და სინანულის გამოხატვას დიდებული პოეტის ხვედრის მიმართ, რომელიც ასე სასტიკი და მაინც მშვენიერი გამოდგა.
ახდა პოეტის რწმენა:
გადაქცეულს მთვარის გზებად
ხოტბას შემაწევენ რამდენს…
გვიან დამიწყებენ ძებნას,
გვიან დამაყრიან ვარდებს…
საფლავის პატივმიგების შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლაში გადაინაცვლეს და გაიხსენეს პოეტი, რომელსაც უზომოდ უყვარდა სიცოცხლე, ადამიანები, სამშობლო… მთელი მისი პოეზია ამ სიყვარულს ასხივებს და ვინც კი მათ ეზიარება, რაღაცით უკეთესი, უფრო მებრძოლი და თან მიმტევებელი ხდება. მისი ფაქიზი და უტეხი სული, პოეტურ სიტყვაში გაცხადებული სათქმელი მკითხველის კრძალვასა და აღფრთოვანებას იწვევს.ამიერიდან უფრო ფართო აუდიტორიას ეძლევა მერი ბიწაძის, როგორც ნიჭიერი პოეტის გაცნობისა და დაფასების საშუალება. შარშანდლამდე ამ პოეტის სახელი გუგლის საძიებელში არც კი იძებნებოდა. ახლა თუ ჩაიხედავთ მასში, უკვე ათეულობით მასალა გაჩნდა მერი ბიწაძის შესახებ და ცხადია, უახლოეს მომავალში ეს გამოხმაურებები კიდევ მოიმატებს. დაიბეჭდა პოეზიის პროფესიონალ მკვლევართა გამოხმაურებები, რომლებიც მაღალ შეფასებას აძლევენ მის პოეტურ შენატანს ქართული პოეზიის უზარმაზარ საგანძურში.
პოეტის ლექსების გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ გამოიცეს მოგონებების წიგნი. მერი ბიწაძეს უამრავი ადამიანი იცნობდა, მათ აქვთ სურვილი გაიხსენონ მერი ბიწაძის კეთილი საქმეები, უანგარო და მებრძოლი სული, რომელიც მის ყველა ცხოვრებისეულ ნაბიჯს, სევდით და მაინც უფრო სინათლით სავსე პოეზიას გამორჩეულს ხდიდა…
იგეგმება ასევე მერი ბიწაძის უფრო სრულყოფილი კრებულის დაბეჭდვა, ბევრი ლექსი არ შესულა დღემდე გამოცემულ ერთადერთ კრებულში „ჯვარცმული ლექსი”. ხალხში დაცულია მისი სხვა ლექსებიც, მართალია, პოეტს მათი დაბეჭდვა კრებულში არ განუზრახავს, მაგრამ ათეული წლების შემდეგ ალბათ ურიგო აზრი არ იქნება მათი გამომზეურებაც და ჩვენ ამ განზრახვას ბოლომდე მივიყვანთ.
გვჯერა, კარდენახის საჯარო სკოლა უახლოეს ხანში გამოიჩენს სათანადო დაინტერესებას, რომ მის კედლებში დაარსდეს მერი ბიწაძის სახელობის კაბინეტი, რომელიც ხელოვნების სამყაროს მეტად დააახლოებს მისით დაინტერესებულ მომავალ თაობას.
ალბათ დადგა იმის დროც, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სათანადო სამსახურში შევიდეს კარდენახელთა თხოვნა, რომ ქალაქ გურჯაანის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს მერი ბიწაძის სახელი, ასევე ძალიან დროულია კარდენახში გამოიყვანონ მისი ხსოვნის წყარო ანდა რომელიმე სკვერს უწოდონ მისი სახელი.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან