შალვა პაპუაშვილი: გუშინ საქმიანი დისკუსია იყო, ცხრა რეკომენდაციიდან გამომდინარე, ყველა საკითხი განვიხილეთ
“გუშინ ძალიან საქმიანი დისკუსია იყო, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ცხრა რეკომენდაციიდან გამომდინარე, ყველა საკითხი განვიხილეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამუშაო პროცესთან დაკავშირებით “პირველ არხს” განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, შეხვედრა ორ კვირაში კვლავ გაიმართება.
„გუშინ ძალიან საქმიანი დისკუსია იყო, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. თავად ფორმატი საინტერესოა, სადაც წარმოდგენილია საპარლამენტო ფრაქციები და სამოქალაქო საზოგადოება, გუშინ, ცხრა რეკომენდაციიდან გამომდინარე, ყველა საკითხი განვიხილეთ და მივყევით. არის საკითხები, რაც პარლამენტის კომპეტენციაში არ არის, ასეთია საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრის საკითხი. რა თქმა უნდა, უფრო ვკონცენტრირდით იმ საკითხებზე, რაც პარლამენტის კომპეტენციაშია. საუბარი იყო ცესკო-ს დაკომპლექტების წესზე, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროსა და საგამოძიებო სამსახურის კანონმდებლობის დახვეწაზე და სასამართლო რეფორმაზე. სამივე საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს. გუშინ ვიმსჯელეთ, ოპოზიცია რას თვლის, რა არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. მთლიანი დისკუსია ორგანიზებული ისე იყო, უმრავლესობას არ უსაუბრია, თავად რა გადაწყვეტილებებს ხედავს, ოპოზიციის იდეები გვაინტერესებდა. ეს საკითხები განვიხილეთ და შევთავაზეთ, რომ ორ კვირაში იმავე ფორმატში შევხვდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.