„ისინი ერთად დაიბადნენ, ისინი ერთად დაიხოცებიან” – ნიკა ქუთათელაძის მომაკვდავი სოფლების სიჩუმეს ლონდონში ეცნობიან
აქამდე, სამწუხაროდ, არაფერი მსმენოდა ახალგაზრდა ქართველი არტისტის, ნიკა ქუთათელაძის შესახებ. გუშინ სრულიად შემთხვევით მოვხვდი ლონდონის მეიფეაზე არსებულ Modern Art-ის საგამოფენო დარბაზებში და სასიამოვნოდ გამაკვირვა მისმა აღმოჩენამ. ლონდონსა და სხვა ქალაქებშიც არაერთი ქართველი მხატვარი ფენს ნამუშევრებს, თბილისის გალერეებსაც ვადევნებ თვალყურს და ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდამ მაკლია გულს იმის მხატვრული ასახვა, რაც რეალურ საქართველოში ხდება. ვეძებ მათ ნამუშევრებში ამ რეალობის კვალს და ვერ ვპოულობ. ეს არის ეფექტური სურათები, თანამედროვე არტის ტენდენციებს ოსტატურად მორგებული, მაგრამ მათში ვერ ვგრძნობ და ვხედავ საქართველოს ქართულ ტკივილს.
როცა ჩადიხარ ქუთაისის აეროპორტში და იქიდან თბილისამდე გიწევს მოგზაურობა მატარებლითა თუ ავტომობილით, სანამ თბილისში ჩახვალ, უამრავი სოფელი უნდა გაიარო და მათი ხილვა, უფრო სწორად, ზეზეურად გარდაცვალება გულსაკლავი სანახავია. ათიდან ალბათ შვიდი სახლი მიტოვებული და უპატრონობით გაპარტახებულია. ამაზე შემძვრელი რა უნდა იყოს თანამედროვე ხელოვანისთვის? მაგრამ ის თითქმის ყრუა ამ უბედურების მიმართ.
გოდერძი ჩოხელმა თავისი ფილმებითა და მოთხრობებით ნასოფლარების, მიტოვებული სახლების თემატიკა იმგვარი შედევრებით გაამდიდრა, მართლაც ძნელია მისი საპირწონეს შექმნა. ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს პრობლემა უფრო გაღრმავდა, მაგრამ ხელოვნების თითქმის ყველა ჟანრმა პირი შეკრა და მათი დასანახი თვალი აიხვია.
ამასობაში საქართველოში გაჩნდა ახალი პროფესია, ძველი, მიტოვებული სახლების მნგრეველთა ბრიგადები, ისინი თავიდან ბოლომდე შლიან სახლს და ცალკე გამოარჩევენ ქვას, აგურს, თუნუქსა და რკინის კონსტრუქციებს. მერე მათ ახალ მსურველებზე ყიდიან. დღეს ეს სარფიან ბიზნესად გადაქცეულა საქართველოში და გულშემზარავია ამის ხილვა. ხელოვანთა სააზროვნო არეალში კი ამ ტკივილს ვერ შეუღწევია, თითქოს ეს ჩვენს სინამდვილეში არც ხდება!
ნიკა ქუთათელაძის გამოფენა სულ ცხრა ნამუშევრისგან შედგება, მათ შორის ხუთი პორტრეტია, სამი პეიზაჟი და ერთი ინსტალაცია. ყველა მათგანს „უსათაურო” ჰქვია. ჩემთვის ზოგადად ღიმილის მომგვრელია ასეთი სათაური, რომელიც მშვენიერი ნიღაბია საკუთარი სიცარიელის გასამართლებლად. მაგრამ აქ იმდენად ღრმა და სახიერია მხატვრული შედეგი, რომ ასეთი ფიქრისთვის გზას გიჭრის.
ნიკა ქუთათელაძე ქმნის დაცლილი, მივარდნილი სოფლის ადამიანებისპორტრეტებს და მათ გარემომცველ ლანდშაფტებს. იგი დაგრუნტულ ხეზე ზეთის საღებავით ხატავს და აღწევს რეალობის იმგვარ სიმძაფრეს (განსაკუთრებით პეიზაჟებში), რომელიც ბინდისფერი, თალხი ფაქტურით სრულიად განსაცვიფრებელ მხატვრულ ტექსტად გარდაიქმება. თითქოს სისხლით არის გაჟღენთილი მთაც, ველიც და მდინარეც. საიდან მოდის ეს ასეთი შემაძრწუნებელი მხატვრული გადაწყვეტა? ავტორი მთის სოფლებში კანტიკუნტად შემორჩენილი ადამიანების გულისგულში წვდება, მათ თვალებში იცქირება და იქ ისეთ გამოუთქმელ ვარამს და შავბნელ ფიქრს აწყდება, შეუძლებელია ამ უტყვმა დიალოგმა ასეთი მძაფრი ფორმა და ფერი არ შვას?!მართალია ნიკა ქუთათელაძე ქართულ სატკივარს ხატავს, მაგრამ მის ხელწერას და დიაპაზონს (განსაკუთრებით, პორტრეტებში) ცხოველ კვალად ატყვია თანამედროვეობის გამოჩენილი არტისტების – ფრენსის ბეკონის, ლეონ კოსოვის, ფრანკ ავერბახის, პიტერ დუიგის, მარლენ დიუმას მხატვრული გავლენა. ახალგაზრდა არტისტისთვის ეს ბუნებრივიც არის. ის ხომ საკუთარი თავის ძიების პროცესშია და ამ გზაზე კიდევ ბევრი გადაკვეთა იქნება. მთავარია, რომ ის არ ჩერდება მუდამ მუშაობს, იკვლევს, იზრდება.
ის რომ მზარდი ხელოვანია, კარგად ჩანს ლონდონის გალერეის სივრცისთვის საგანგებოდ მორგებულ ინსტალაციაში. ეს ნამუშევარი ნიკა ქუთათელაძის ამჟამინდელ ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია, რომელიც მიტოვებული სახლების და მათში არსებული გასანადგურებლად განწირული ნივთების სიმარტოვეზე ყვება… ნიკა ქუთათელაძემ ძველი ავეჯის დახერხილი ფიცრებით ერთგვარი ორღანი „დაამონტაჟა”, რომელიც სიჩუმეზე უფრო ჩუმ მდუმარებას გამოსცემს გალერეიის მღვიმედ ქცეულ დარბაზში.
ნიკა ქუთათელაძე თბილისის გალერეა Artbeat-ის მხატვარია, რომლის ახალ პროექტს სახელწოდებით „ისინი ერთად დაიბადნენ, ისინი ერთად დაიხოცებიან” (They were born together, They will die together) ლონდონის პუბლიკა 17 თებერვლამდე გაეცნობა.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან