“უკრაინა იბრძვის, რომ რუსეთი ყირიმიდან, დონბასიდან არ წავიდეს სლოვაკეთის რეგიონებში” – უკრაინის საგარეო უწყებაში რობერტ ფიცოს უპასუხეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ ომის დასრულებისთვის უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს, ასევე, ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას.
უკრაინის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ამბობენ, რომ ტერიტორიების დათმობაზე საუბარი შეუძლებელიც კი არის.
“ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისი არ შეიძლება, იყოს, არც უკრაინის, არც სლოვაკეთის და არც რომელიმე სხვა ქვეყნის”, – განაცხადა უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.
მანვე დასძინა, რომ უკრაინა და პარტნიორები ცდილობენ რუსების გაყვანას ყირიმიდან, დონბასიდან და ლუგანსკიდან, რათა ისინი არ წავიდნენ უფრო შორს – კერძოდ, კოშიცეში, პრეშოვსკიზე და სლოვაკეთის სხვა რეგიონებში.
„მოდით, გულწრფელად ვისაუბროთ: უკრაინის უსაფრთხოების გარეშე, არ იქნება უსაფრთხოება არც სლოვაკეთში და არც მთლიანად ევროპაში. უკრაინის გამარჯვებას ერთობლივად უნდა მივუახლოვდეთ”, – თქვა მან.