“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც სამების საკათედრო ტაძარში ვიხილეთ” – ლევან იოსელიანი
“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც სამების საკათედრო ტაძარში ვიხილეთ. არის ქვეყნები, სადაც რელიგიური ხალხი ნაკლებად ცხოვრობს, მაგრამ საქართველო არ არის ასეთი. ამიტომ, ასეთი ტიპის ქმედებები საშიშია, სენსიტიურია, ბევრი ადამიანის რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ყოველთვის, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ჩვენ ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში და საერთოდ, ცოტა მეგულება ადამიანი, ვინც მოიწონებდა ამ საქციელს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის რელიგიური ქვეყანა, ეს არის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, რელიგიური ქვეყანა. არის ქვეყნები, სადაც რელიგიური ხალხი ნაკლებად ცხოვრობს, მაგრამ საქართველო არ არის ასეთი. ამიტომ – ასეთი ტიპის ქმედებები საშიშია, სენსიტიურია, ბევრი ადამიანის რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ყოველთვის, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მიუღებელია ის ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ადამიანისთვის ის, რაც იქ ვიხილეთ. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე არასწორია სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება. როგორი მიუღებელიც უნდა იყოს ვიღაცის ქმედება, არ შეიძლება მას სახლში მიუვარდე და გადაწყვიტო მასზე ძალადობა და მისი გასამართლება ასეთი მეთოდით. ამისთვის არსებობს სახელმწიფო და კანონის ფარგლებში უნდა მოხვდეს ამ ყველაფრის დარეგულირება. ამავე დროს, ჩემთვის ასევე მიუღებელია სტალინის ხილვა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. გასაგებია, ეს არ არის ხატი, მაგრამ რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, ის არ იმსახურებს იყოს იქ, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, ანგრევდა, ხვრეტდა, ანადგურებდა. ის აკეთებდა ამას არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, ასევე სხვა რელიგიების წინააღმდეგაც. ამიტომაც ჩემთვის ესეც მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, რომ ასეთი პერსონაჟები იყვნენ წარმოდგენილი ეკლესიაში.
როდესაც რელიგიურ გრძნობებს ეხება საკითხი, გარდა იმისა, რომ სიფრთხილე გვმართებს, უნდა დავიცვათ ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც არსებობს და რომელიც ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, აბალანსებს გამოხატვის თავისუფლებას იმ ზღვრით, სადაც უკვე სხვისი უფლება იწყება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო.